Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოსთან“ კიდევ ერთი – 76 მლნ აშშ დოლარიანი დავა წააგო

საქართველოს მთავრობამ რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოსთან“, რომელიც არაპირდაპირი გზით ენერგოკომანია „თელასის“ აქციების 75%-ს ფლობს, კიდევ ერთი – 76 მლნ აშშ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო.

როდის დაიწყო დავა და რას ითხოვდნენ განმცხადებლები?

მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრს (ICSID) „ინტერ რაოს“ შვილობილმა კომპანიებმა – „გარდაბანი ჰოლდინგმა“ და „სილქ როუდ ჰოლდიგნმა“ 2017 წელს მიმართეს და ისინი ელექტროენერგიაზე განსაზღვრული ახალი ტარიფების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. კერძოდ, 2014 წელს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენისას ლარის გაუფასურების კომპონენტი არ გაითვალისწინა და ელექტროენერგიის გადასახადი იმაზე უფრო ნაკლებით განსაზღვრა, ვიდრე ამას კომპანია ითხოვდა, რაც მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მათთან დადებულ ხელშეკრულებებს არღვევდა.

რა დაადგინა არბიტრაჟმა?

საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრმა დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ განმცხადებლებთან დადებული ხელშეკრულებები დაარღვია და „სილქ როუდ ჰოლდინგისთვის“ 48 427 000 აშშ დოლარის, „გარდაბანი ჰოლდინგისთვის“ კი – 27 499 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, მთავრობამ მათ 2021 წლის 24 დეკემბრიდან დაგროვილი პროცენტიც უნდა გადაუხადოს.

ადრე წაგებული დავა

საქართველოს მთავრობამ იმავე კომპანიასთან დავა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტში 2021 წლის დეკემბერშიც წააგო და საბოლოოდ, „ინტერ რაოს“ მიერ მაშინ მოთხოვნილი 200 მლნ აშშ დოლარის ნაცვლად 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მედიის ინფორმაციით, საკონპენსაციო თანხის ოდენობა რუსულმა კომპანიამაც გაასაჩივრა და ის 112 მლნ აშშ დოლარამდე გაზარდა.

„სამოქალაქო საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული მხარე დავებს აგრძელებს და, შესაბამისად, ჯერ საბოლოოდ არც ის არის ცნობილი, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს ქვეყანას კომპანიისთვის. ისიც ცნობილია, რომ მთავრობა მხოლოდ ერთ-ერთი დავის თანხას გადაიხდის და არა ჯამურად.

კახა კალაძის გამოხმაურება

„ინტერ რაოსთან“ წაგებულ კიდევ ერთ დავას 15 თებერვალს დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა, რომელიც დავების დაწყებისას ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მსახურობდა და თქვა, რომ მისმა „გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა“.

„პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პირველ ეტაპზე „ინტერ რაო“ 200 მლნ აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა, რასაც საქართველოს მთავრობა არ დათანხმდა. „მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ს ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები“, – დასძინა კახა კალაძემ.

„თავის დროზე მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერცერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა იმას, რომ დავთანხმებოდით “ინტერ რაოს” მოთხოვნას“, – ხაზი გაუსვა დედაქალაქის მერმა.

ოპოზიცია „ინტერ რაოსთან“ მთავრობის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

„ინტერ რაოსთან“ საარბიტრაჟო დავის წაგებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე Facebook-ზე ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და განმარტა, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „პოპულისტური საარჩევნო პროპაგანდისტული დაპირებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულების მიზნით“, ენერგეტიკის სამინისტრომ „ინტერ რაოს“ ტარიფის მცირედით დაწევის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულება გაუფორმა და „ინვესტიციების განხორციელებისა და ტარიფის ზრდაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ“ ძველი ვალდებულებები გაუუქმა.

მისივე თქმით, კახა კალაძის მიერ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები საიდუმლოა, თუმცა როგორც ეს საარბიტრაჟო დავისას გამოჩნდა, მასში ისეთი მუხლები დაამატეს, რომლებიც კომპანიას ლარის გაუფასურების შემთხვევაში ტარიფის ზრდის შესაძლებლობას აძლევდა.

„რუსული კომპანიის სასარგებლოდ წარმოებული დათმობები შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც შეცდომა, არამედ როგორც კორუფციული გარიგება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ და ხაზი გაუსვა, რომ „დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება რუსულ კომპანიასთან სავარაუდო კორუფციული გარიგებისა და ქვეყნისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button