ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა ისწავლოს ,,სად არის მისი საზღვრები“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა რომ „არავინ უნდა იფიქროს, რომ შესაძლებელია ამ ომის გადაჭრა რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების გარეშე“. ზურაბიშვილმა ინტერვიუში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.

ოკუპაცია და რუსეთ-უკრაინის ომი

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „რუსეთმა უნდა ისწავლოს, თუ სადაა მისი საზღვრები“ და მას უნდა მოსთხოვონ, „შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 15-წლიანი ოკუპაცია, იმ საბოლოო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რომლითაც კრემლის ომი უნდა დასრულდეს უკრაინაში“.

მანვე ხაზი გაუვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების სრულად გაყვანის პირობის გარეშე, „,დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს – ისეთივე დიდის, როგორც 2008-ში [საქართველოში], 2014-ში [ყირიმში]“ – განაცხადა მანვე.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოახლოებულ მარცხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ,,რუსეთმა პრაქტიკულად უკვე წააგო ბრძოლა, თუ არა მთლიანად ომი“.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და თქვა, რომ მის ამ პოზიციას ქართველების უმეტესობაც იზიარებს. თუმცა, მანვე დასძინა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ,,მეტად ფრთხილი“.

ევროინტეგრაცია

Bloomberg-თან ინტერვიუში ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ მოვიდა დრო, რომ ,,ევროპამ მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება“.

,,თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი“, – მიმართა მან ევროპელ პარტნიორებს და დაამატა – ,,ვიცი, რომ არ ვართ იდეალურები, ვიცი, რომ არის რაღაცეები, რაც არ გაგვიკეთებია, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ წინ უნდა წავიდეთ“.

მისივე თქმით, ფორმალური კანდიდატობის სტატუსის მოპოვების გზაზე ქვეყანას არ შეუძლია კიდევ ერთი წარუმატებლობა განიცადოს. საქართველოს ,,რუხ ზონად“ წარმოჩენამ, შესაძლოა, რუსეთი ,,წაახალისოს თავისი ამბიციების განსახორციელებაში.“

ამავე კონტექსტში, მან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საზოგადოების ნაწილის მოთხოვნასაც უპასუხა და თქვა – „არ ვფიქრობ, რომ ,,ინდივიდუალური საქმე განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button