skip to content
ახალი ამბები

მოლდოვის ვიცე-პრემიერი საქართველოს სტუმრობდა

მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი საქართველოს ესტუმრა, სადაც პრემიერმინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგების საკითხებში, ჯანდაცვის მინისტრსა და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობისა და ქვეყნების რეფორმების დღის წესრიგზე იმსჯელა. სერებრიანი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ვეძისსაც ესტუმრა და საქართველოსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენები განიხილა. 

შეხვედრა პრემიერმინისტრთან 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, მხარეებმა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ძლიერი მხარდაჭერა დაადასტურეს ერთმანეთის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

ღარიბაშვილმა და სერებრიანმა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრეს და მათთან გასამკლავებლად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

შეხვედრა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა მოლდოვის ვიცე-პრემიერს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ თბილისის სამშვიდობო გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„საქართველოს და მოლდოვას ჩვენ საერთო ინტერესებში შემავალი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საერთო მიზნები და გამოწვევებიც გვაკავშირებს, რომელთა შორის ცალსახად აღსანიშნავია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანება, და ზოგადად, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

მოლდოვის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მოლდოვასა და საქართველოს მსგავსი გამოწვევები აქვთ სეპარატიზმთან დაკავშირებით, რომელსაც „რუსეთის ფედერაცია უჭერს მხარს“. ამ კონტექსტში, სერებრიანმა დასძინა, რომ „საჭიროა ჩვენი ქმედებების კოორდინაცია მოვახდინოთ“ რეინტეგრაციის, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.

მოლდოვის ვიცე-პრემიერი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად სოფელ ოძისსაც ესტუმრა და განაცხადა, რომ ქართველი კოლეგებისგან მიიღო ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული, ასევე სკოლებში არსებული პრობლემების, ორივე ოკუპირებულ რეგიონში ეთნიკური წმენდის, აგრეთვე იმ ასიათასობით ქართველის ტრაგედიის შესახებ, რომელთაც საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ. „ვფიქრობ, ძალიან ბევრი საერთო საკითხი გვაქვს. ამიტომაც, საჭიროა ჩვენი ქმედებების კოორდინირება ევროპელ კოლეგებთანაც“, – დასძინა მან. 

სხვა შეხვედრები 

მოლდოვის ვიცე-პრემიერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „განსაკუთრებულ კავშირებს საქართველოსა და მოლდოვას შორის, როგორც ისტორიული, ასევე გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე“ და განიხილეს საერთო ევროპული დღის წესრიგი. კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესი. „მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.

პარლამენტში ვიზიტის დროს, ოლეგ სერებრიანი ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკისაც შეხვდა. „ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები პერიოდთან დაკავშირებით, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები საერთაშორისო ჩართულობით საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობები, მთელი სპექტრი იმ პრობლემებისა, რომელიც მოლდოვას დღეს ახასიათებს და ის რეალური სიტუაცია, რაც არსებობს დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პერსპექტივები, რაც საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა, სადაც მხარებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს. მათ ასევე განიხილეს საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მიმდინარე პროგრამები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button