ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამას „სუვერენიტეტზე შეტევად“ განიხილავს

მოძრაობა „ხალხის ძალამ“, რომელიც ქართული ოცნებიდან გასულმა დეპუტატებმა დაარსეს, 23 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც USAID-ის მიერ დაფინანსებულ კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამას „საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევად“ განიხილავს, რომლის „ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასამართლო ხელისუფლების მიტაცების გამუდმებული მცდელობა იყო“.

იმავე დღეს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული მცდელობები, რომ სასამართლო სისტემაში ნაციონალური მოძრაობის გავლენა დაბრუნდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ამას არ ემხრობიან.

კობახიძემ 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მმართველ პარტიას „ხალხის ძალასთან“ რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აქვს, თუმცა ისინი კონკრეტული საკითხების ფორმულირების კუთხით განსხვავდებიან.

USAID-ის პროგრამის წინააღმდეგ განცხადებაში, „ხალხის ძალამ“ აღნიშნა, რომ „მათ უნდათ საქართველოში მიიღონ შედეგი, რომელიც ალბანეთსა და უკრაინაში უკვე მიიღეს. ორივე შემთხვევაში, შეიქმნა სასამართლო სისტემის წმენდისა და ხელახალი ფორმირების მექანიზმი, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა უცხოელებს ეთქმით“.

ხალხის ძალის“ განცხადებით, პროგრამის „დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და ნაცმოძრაობის პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს“.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან. 29 დეკემბერს, მოძრაობამ განაცხადა, რომ 2023 წლის იანვარში უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ კანონპროექტებს დაარეგისტრირებენ, რომლებიც „საუკეთესო დასავლური პრაქტიკას“ ეფუძნება.


„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI) USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) 2015 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიმდინარე, მეორე ფაზა 2026 წლამდე გრძელდება. EWMI-ს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button