skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა.

თავის გადაწყვეტილებაში, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ „ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში“ და დასძინა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა.

ბანკის ინფორმაციით, „ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი“.

თუმცა, ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს, ხოლო სურსათის საერთაშორისო ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 9%-ით, ხოლო აგვისტოში – 1.9%-ით შემცირდა. „მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა“, – აღნიშნავს ბანკი.

აღნიშნა რა, რომ აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ, წინა თვის მსგავსად, შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და 10.9% შეადგინა, ბანკმა განაცხადა, რომ „ინფლაციის კლების ნიშნები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“.

ამ კუთხით, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ინფლაცია მიმდინარე და მომავალ წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button