skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს შეხდა 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 1 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, ფიქრეთ მამედოვს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის შესახებაც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის „გამორჩეული ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია და დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის თანამშრომლობას“.

ღარიბაშვილმა და მამედოვმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მოგვარებაში დიალოგის მნიშვნელობას. მათვე აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შესაძლოა „მყარი საფუძველი“ გახდეს ნდობის გასაზრდელად.

მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. „აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანაა და გამოითქვა მზადყოფნა იმისა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს კავშირები“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესრელიზში.

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი პირველად, საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით ტარდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button