ეთიკის ქარტია: ინსპექტორის მხრიდან მედიასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა „დაუშვებელია“
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ ერთ-ერთი სიუჟეტის ფარგლებში მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან მოკვლევის დაწყებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი არ ვრცელდება მედიაზე, ინსპექტორის მიერ საკითხის შესწავლა „დაუშვებელია“ და „შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს“.
ჟურნალისტის მიერ მოქალაქეთა ტელეფონის ნომრების მოპოვების შესახებ საზოგადოების ნაწილში გაჩენილი წუხილების საპასუხოდ, ეთიკის ქარტიამ განმარტა, რომ საჯარო ინტერესის შემთხვევაში, ჟურნალისტის მხრიდან მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და გამოყენებას პროფესიულ დანაშაულად არ მიიჩნევს. თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ „კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა.“
რაც შეეხება თავად „იმედის“ ეთერში გასულ მასალას, რომელშიც ჟურნალისტი მოქალაქეებთან რეკავდა და სოციალურ ქსელში მის ერთ-ერთ სიუჟეტზე უარყოფითი კომენტარების დაწერის მიზეზებს ადგენდა ქარტიამ თქვა, რომ „მედიას უნდა ახსოვდეს, რომ საზოგადოებას მისი კრიტიკის სრული უფლება აქვს“.
„კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა. მეტიც, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ისე თავად მედიასაშუალებისთვის“, ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის განცხადება
Facebook-ზე ქარტიისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და თქვა, რომ „იმედის“ ჟურნალისტის ქმედება „არა მხოლოდ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრი გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს. აუცილებელია ჟურნალისტმა ამ საფრთხეებზე იფიქროს“.
თოლორაიას განცხადებით, „სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მისთვის [ჟურნალისტისთვის] ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე“. ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ის, თუ ვინ გადასცა ჟურნალისტს მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები.
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არ ვრცელდება ჟურნალისტებზე, ისინი ვალდებულნი არიან, რომ დაიცვან ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით არის გარანტირებული.
„ჟურნალისტს სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას ასევე ავალდებულებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას)“, – ხაზი გაუსვა ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)