„იმედის“ ჟურნალისტის მიერ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების მოპოვებაზე მოკვლევა დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის მიერ ერთ-ერთი სიუჟეტის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო მოქალაქეებთან „განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტის“ შესწავლა დაიწყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, დღეს, „იმედის დღის“ ეთერში გასულ ერთ-ერთ მასალას მოჰყვა, რომელიც მარიკა ბაკურაძის ერთ-ერთ ძველ სიუჟეტზე სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარების ავტორებთან სატელეფონო საუბრებს ასახავდა. ჟურნალისტი მოქალაქეებისგან უარყოფითი კომენტარების დაწერის მიზეზებს ადგენდა.
„იმედის დღის“ სიუჟეტს ეთიკურობის თვალსაზრისით საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. კითხვები გაჩნდა, ჟურნალისტის მიერ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებითაც. ამასთან, გაჩნდა ვარაუდებიც, რომ „სამთავრობო მედიამ დაიწყო საჯაროდ კრიტიკული მოქალაქეების შანტაჟი ღია ეთერით“.
მარიკა ბაკურაძემ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას Facebook-ით უპასუხა და წუხილი გამოხატა, რომ „იმედის დღის“ დღევანდელმა ეთერმა „აჟიოტაჟი გამოიწვია“. მანვე განმარტა, რომ მასალის მიზანი იმის ჩვენება იყო, თუ როგორ წალეკა სიძულვილის ენამ, სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ სოციალური სივრცე.
ბაკურაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ მომზადებულ მასალაში „სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა“. „ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება“. რაც შეეხება, მოქალაქეთა საკონტაქტო ინფორმაციას, ჟურნალისტმა თქვა, რომ „ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით“. „ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)