Placeholder canvas
ანალიზი

ანტი-იმპერიალისტური იმპერიის უგუნური იდეა

კოლონიალისტური დასავლეთის წინააღმდეგ პუტინისეული ტირადა სახიფათოა


ფაბიო ბელაფატი, ხრონინგენის უნივერსიტეტი / ვილნიუსის უნივერსიტეტი


ვლადიმირ პუტინის აბსურდულობით რეტდამსხმელ გამოსვლაში დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიას უკრაინული ტერიტორიების ანექსიის შესახებ, რას არ გაიგებდით: სატანიზმის შესახებ მსჯელობას, ბირთვული ომით მუქარას და მომხრეებისათვის განკუთვნილ, სანახევროდ გადაღეჭილ ნეო-ევრაზიანისტულ იდეებს.

ამ გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღე იქნებოდა გასული, რომ ინსტაგრამზე, ანტიკური ხელოვნებისადმი მიძღვნილ გვერდზე, ვერგილიუსის „ენეიდადან“ ამ ციტატას გადავაწყდი:

თავდაჯერებით მართეთ ხალხები,  

რომის შვილებო, გახსოვდეთ ესე,

(რადგან ესაა თქვენი ხელობა),

მშვიდობის დაცვას იდებდეთ წესად,

დამორჩილებულთ შეიწყნარებდეთ,

ხოლო მედიდურთ დასცემდეთ მიწად!

(ენეიდა, წიგნი VI, 851-853 პარაგრაფი, ირაკლი ვაჭარაძის/ჯაბა დევდარიანის თარგმანი)

რომაული ლიტერატურა ჩემთვის დიდი ხნის მივიწყებული, საშუალო სკოლისდროინდელი კოშმარია, რომელის გახსენებაც დიდად არ მახალისებს. ვაღიარებ, როცა სარედაქციო სტატიებში კლასიკური ლიტერატურის ციტატა გადამეყრება, ინტელექტუალური პრანჭიობის სუნი მეცემა ხოლმე.

ოღონდაც, აი, ამ სტროფმა მართლა ჩამაფიქრა. ჩამაფიქრა არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით შთამბეჭდავია –  თუ სკოლიდან სწორად მახსოვს, „ენეიდა“ „ილიადასა“ და „ოდისეის“ მეორეხარისხოვანი ასლი გახლდათ, თანაც რომის პოლიტიკური ელიტის მიმართ მლიქვნელობის მსუყე საკმაზით შენელებული. წაკითხულმა ამ სტროფმა იმით დამაინტერესა, რომ იმპერიულ მსოფლმხედველობაზე და, ამდენად, პუტინზეც გვესაუბრება.

ეს სტროფი სიამაყით გვაუწყებს იმპერიული, დაპყრობითი გეგმების მატარებელი ხალხებისა და მათი ბელადებისთვის დამახასიათებელ რწმენას: ვერგილიუსი ამბობს, რომ რომაელთა მისია “მშვიდობის აღსრულებაა”, მათ დიდსულოვნად უნდა უბოძონ “წყალობა მათ, ვინც დათრგუნულია“ და თანაც სხვათა უსამართლობას აღუდგნენ წინ „მედიდურთა წინააღმდეგ მოუღალავი ომის“ წარმოებით.

თითქოს აბსურდია: „ეინიდა“ ხომ სავსეა იმ იმპერიის ბრწყინვალების ხოტბით, რომელიც ხალხებს ჩაგვრის უღელს ადგამდა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა თუ ახლო აღმოსავლეთში; ზოგიერთ ერს იმას უწყობდა, რასაც დღეს ჩვენ დღეს გენოციდს დავარქმევდით; იმ იმპერიისა, რომელმაც ხმელთაშუაზღვისპირეთში კულტურათა და ენათა მთელი წყება აღგავა პირისაგან მიწისა.

ყოველივე ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერგილიუსის დროიდან მოყოლებული, აღმავალი, ამბიციური იმპერიები და ზოგადად მჩაგვრელები, ხშირად სწორედ მჩაგვრელთა მსახვრალებად და ჩაგრულთა ქომაგად, ზოგჯერ კი სულაც უსამართლოდ ჩაგრულებად სახავდნენ თავს.

„იმპერიული განმათავისუფლებლობის“ აღმავლობა  

XIX-XX საუკუნის ამერიკული იმპერიალიზმი და თეთრკანიანების უპირატესობის დისკურსი სწორედ ამგვარი რიტორიკით საზრდოობდა – პოლიტიკოსები, გენერლები და სხვა იმპერიალისტური წრეები თავს მსხვერპლად წარმოაჩენდნენ, გაზეთები წარსულ უსამართლობაზე წუწუნით და რევანშის სურვილით იყო სავსე.

“გახსოვდეთ ალამო!” ამ საბრძოლო ყიჟინით წაგლიჯეს მაშინ ტექსასი მექსიკის რესპუბლიკას და ამ ტერიტორიაზე – სადაც მონობა გაუქმებული იყო – ეს მახინჯი სენი კვლავ აღადგინეს.

“გახსოვდეთ მეინი! ჯოჯოხეთამდე გზა ჰქონია ესპანეთს!” ეს უკვე ესპანურ-ამერიკული ომის ყიჟინა გახლდათ, კონფლიქტისა, რომელიც ამერიკელებმა USS Maine-ის (სავარაუდო) ჩაძირვისათვის შურისძიებად წარმოაჩინეს. მაშინ, თითქოსდა დიდსულოვანი განმათავისუფლებელი აქტით, მათ კუბა და ფილიპინები ესპანეთის მჩაგვრელი კოლონიური ძალაუფლებისაგან იხსნეს – ოღონდაც მალევე თავად აქციეს საკუთარ კოლონიურ საკუთრებად და ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ბლომად გაჟლიტეს.

დაარსებისთანავე, „კუ კლუქს კლანი“ თეთრკანიანი ქალებისა და თეთრი ფერმერების ყოფილი მონებისაგან დაცვის საბაბით შავკანიანი ამერიკელების მკვლელობას და ჩაგვრას ამართლებდა. ამაზე ძველებს უთქვამთ, “პრივილეგიებს მიჩვეული, თანასწორობას ჩაგვრად აღიქვამდაო.”

მხოლოდ ამერიკელები როდი იქცეოდნენ და ფიქრობდნენ ასე: ბელგიის მეფე, ლეოპოლდ II, კონგოს განადგურებასაა და იქაურების გენოციდს იმით ამართლებდა, პატარა, თავმდაბალი ქვეყნის სუვერენი ვარ, რომელიც ამ რეგიონში თავისუფალ ვაჭრობას ვამკვიდრებ და ამით მთელი აფრიკის დამონებული ხალხების კეთილდღეობაზე ვზრუნავო.

შუა აზიაში რუსეთის იმპერიალიზმის გამართლებაც ის იყო, რომ ვითომდა თურქმენების, ბუხარასა და ხივას ტომის ბელადებისა და ხანების მიერ დატყვევებულ თეთრკანიან მონებს ათავისუფლებდნენ  – ამგვარი მონების რიცხვი კი სინამდვილეში ფრიად უმნიშვნელო იყო.

საყოველთაო მეხსიერებაშია დალექილი, რომ ნაცისტური გერმანია დაპყრობით ომებს ევროპაში „გერმანელების ჩაგვრით“ ამართლებდა. იტალიური იმპერიალიზმიც არ დავივიწყოთ, რომელიც ცნობილი იმით გახდა, რომ ეთიოპიური ჯარების წინააღმდეგ ომის დანაშაულებს სჩადიოდა, საკონცენტრაციო ბანაკებისა და მასობრივი შიმშილობის სისტემა ჰქონდა აწყობილი ლიბიასა და ბალკანეთში და ყველაფერს ამას სამართლიანობის სახელით სჩადიოდა. „დიდმა პროლეტარულმა [ერმა] გამოიღვიძა,“ წერდა 1911 წელს იტალიელი პოეტი, რომელიც მისი ქვეყნის იმპერიულ თავგადასავლებს იმით ასაბუთებდა, ეს სამართლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ერთდროს დიადი, აწ კი გაუბედურებული ერისთვისო. მისი აზრით, იტალიელი ერი უკეთესს იმსახურებდა და სულაც არ დაგიდევდათ, რომ გაუმჯობესების საძირკვლად „გათავისუფლების“ სახელით სხვათა დამონება და მოკვდინება იქცეოდა.

მოგვიანებით, მუსოლინიც რომის იმპერიის აღდგენას აპირებდა და ბრიტანელებისა და სხვათა ჯინაზე, ისტორიული სამართლიანობას აღსადგენად, რადგანაც ამ იმპერიებმა იტალიას „მზისქვეშ კანონიერი ადგილი წაართვეს.“ ორველიანური ორმეტყველების ნიმუში იყო, რომ ეთიოპიის სისხლიანი დაპყრობისას, ფაშისტური შენაერთები „განთავისუფლებულ [ქალაქ] ადუაზე“ მღეროდნენ. მაშინ, როცა მთელ ქვეყანას იმონებდნენ, ისინი დამონებული ხალხისთვის არჩევანის უფლების მიცემას იჩემებდნენ სიამაყით, რაც 1930-იანი წლების ცნობილ სიმღერაში, Faccetta nera (“ლამაზი შავი სახე”) ასე ჟღერდა:

“ზეგანიდან ზღვას გახედე,

მონათა შორის მონავ, შავო გოგონავ,

და დაინახავ, ოცნებაში დაძირულო, გემებს უთვალავს,

და სამფეროვან დროშას, შენთვის გადმოშლილს.“

იმპერიები იმპერიალიზმის წინააღმდეგ

ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში აღმავალმა იმპერიებმა ახალ, პარადოქსულ დონეზე აიყვანეს საკუთარი თავის „ჩაგრულთა განმათავისუფლებლებად“, ანაც სულაც ჩაგრულებად წარმოჩენის ტენდენცია.

ამ დროისათვის, კოლონიზებული სამყაროს უდიდეს ნაწილში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ძალას იკრებდა. 1920-იანი წლებისათვის, ზოგიერთმა ქვეყანამ წარმატებასაც მიაღწია (ირლანდია, ავღანეთი, პოლონეთი, ფინეთი), ხოლო ზოგს კი არ გაუმართლა და იმპერიის კლანჭებს თავი ვერ დააღწია (საქართველო, უკრაინა და რუსეთის იმპერიის სხვა ყოფილი ტერიტორიები). ხშირ შემთხვევაში, სწორედ 1920-იან წლებში ჩაეყარა სათავე იმ ანტიკოლონიურ განწყობებს, რომლებმაც თავი სრული ძალით უკვე მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იჩინეს.

ამ კონტექსტში, ახლადშობილი, მზარდი, იდეოლოგიებზე დამყარებული იმპერიების – ფაშისტურის, ნაცისტურის, საბჭოურის – მიდგომა იცვლება. მათი განაცხადი, რომ ვითომდა მშველელ ხელს გაუწოდებნენ „მათ, ვინც ჩაგრულია“, უკვე კერძო ჯგუფებისა და ინდივიდების გათავისუფლებას კი არ ესწრაფვის, არამედ მთელი კლასებისა. ვერგილიუსის მიერ ხოტბაშესხმული „დიდგულთა წინააღმდეგ მოუღლელი ომი“ მიმართულია სხვა იმპერიათა და საკუთრივ იმპერიალიზმის წინააღმდეგ.  

ორ მსოფლიო ომს შორის რამდენიმე ქვეყანამ სცადა დასავლური იმპერიალიზმის (როგორც იდეოლოგიის) და კოლონიალიზმის (როგორც პრაქტიკის) საწინააღმდეგო რიტორიკის მობილიზება ისე, საკუთარ იმპერიალისტურ ამბიციაზე უარი სულაც არ უთქვამს.

ფაშისტური იტალია და ნაცისტური გერმანია თავს ბრიტანული იმპერიალიზმის ალტერნატივად წარმოაჩენდნენ, მაგრამ მათ საზღვრებს მიღმა, ცოტა ვინმეს დარწმუნება თუ შეძლეს ამ განცხადების სისწორეში.  ემე სეზერი შენიშნავდა, რომ ფაშისტები „ევროპაში იმ კოლონიალისტურ მიდგომებს ნერგავდნენ, რომლებიც მანამდე ექსკლუზიურად [არაევროპული კოლონიებისათვის] იყო განკუთვნილი.“ რეჟიმმა, რომელიც ევროპის ტერიტორიაზევე იმპერიალისტური ზრახვებით გამოირჩეოდა და არათეთრკანიანებიც აშკარად სძაგდა, წარმატებით ვერ მოახერხა ევროპაში ანტი-კოლონიალისტის მანტიის მორგება.

საბჭოთა კავშირმა და იმპერიულმა იაპონიამ, რომლებსაც გერმანია-იტალიისგან განსხვავებით ღიად რასისტული ხედვები არ ამძიმებდათ, შედარებით წარმატებით მოახერხეს ანტიკოლონიური რიტორიკით მანიპულირება თან ისე, რომ ევრაზიასა და ოკეანეთში მილიონობით ადამიანი შეიწირეს თავ-თავიანთი იმპერიული ძალაუფლების კონსოლიდაციისა და გაფართოების ეტაპებზე.

მოსკოვის იმპერიალისტურ პროექტს დაპირისპირებული, ეროვნული ელიტების ამოხოცვას საბჭოეთი „კლასობრივ ბრძოლად“ ასაღებდა, ეთნიკურ წმენდასა და გენოციდს „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლად წარმოაჩენდა, ხოლო მასობრივი გადასახლებისა და რესურსების გაზიდვის კოლონიურ პოლიტიკას – „სოციალისტური ეკონომიკის მშენებლობად.“

საბჭოეთთან შედარებით იაპონია ურცხვად იმპერიალისტური იყო: თავისი მიზნები არც დაუმალავს და მათ სიამაყითაც კი მისდევდა. იაპონიის მმართველები განსაკუთრებული სითავხედით ამტკიცებდნენ, რომ აზიის კოლონიზებული ხალხების მხარეს იყვნენ. ევროპელების აზიური კოლონიების წარმომადგენლები, როგორიც მაგალითად შუბჰას ჩანდრა ბოოსი [ინდოელი ნაციონალისტი, ბრიტანეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი – რედ.] იყო, ფრიად გულუბრყვილო (ან ძალიან სასოწარკვეთილნი) იყვნენ ალბათ, რომ ამგვარ განცხადებებს უჯერებდნენ.

ბოოსის, ისევე, როგორც მიანმარელი გენერლისა და პოლიტიკოსის, აუნგ სანის ბიოგრაფიები მოწმობს, რომ იაპონელების ამ ხრიკს დიდი დღე არ ეწერა – მალევე ცხადი გახდა, რომ საბოლოოდ ყველაფერი ელემენტარულ ლოგიკურ მანიპულაციამდე დადიოდა: იაპონელების თვალთახედვით, მხოლოდ „დასავლეთელი“ შეიძლებოდა ყოფილიყო იმპერიალისტი; ხოლო თუ არადასავლეთელი (მაგალითად იაპონელი) ზუსტად იგივეს ჩაიდენდა, ამას იმპერალიზმს ვერ დაუძახებდით.

ისტორიული გადმოსახედიდან აშკარაა, რომ იაპონური იმპერიალიზმი დასავლური იმპერიალიზმის ასლი იყო, ოღონდ სტეროიდებზე შემჯდარი: მეტი ძალადობით, მეტი გაუპატიურებით, მეტი ეთნიკური წმენდითა და მეტი დამონებით გამორჩეული. 

ეს კოლონიზებული სამყაროსათვის უკვე იმ დროსაც ცხადი იყო, უმრავლეს მათგანს არც მაშინ სჯეროდა იაპონური პროპაგანდისა. მათ კარგად ესმოდათ, რომ შეუძლებელია, როგორც ახლა რუსეთი იქცევა, უბრალოდ ამტკიცო, რომ „არადასავლეთელი“ ხარ და მხოლოდ ამ არგუმენტის ძალით გაასაღო თავი არაიმპერიალისტად.

დამონებული ხალხებისთვის ეს იმიტომაც იყო ცხადი, რომ ვერგილიუსის არ იყოს, არაფერი იყო ახალი იმპერიების მხრიდან თავის განმათავისუფლებლად წარმოჩენაში. ჯემილ ეიდენი, იმპერიული იაპონიის ისლამური პოლიტიკისა და ანტივესტერნიზმის მკვლევარი, წერს:

„ისლამის მიმართ იაპონიის პოლიტიკაში შეინიშნებოდა ანტიკოლონიალური „განმათავისუფლებელი“ დისკურსი, რომელიც ხაზს უსვამდა იაპონიის მისიას აზიაში, მათ შორის, დამონებული მუსლიმების განთავისუფლებას. როგორც ვთქვით, ეს უაღრესად გავრცელებული იმპერიული სტრატეგიაა. გაიხსენეთ, რამდენჯერ „გაათავისუფლეს“ მუსლიმები დასავლეთის იმპერიებმა – ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ამერიკამ: არაბი მუსლიმების გადარჩენა თურქული ჩაგვრისგან; მუსლიმი ქალების განთავისუფლება ფუნდამენტალისტი კაცების ბატონობისაგან; უმცირესობების განთავისუფლება სუნიტური უმრავლესობის უღელისაგან; და თუნდაც საეროობის შემოტანა, ზომიერი მუსლიმების თეოკრატიული მმართველობისაგან გადასარჩენად. ანტიიმპერიალისტურ იმპერიად ყოფნა მხოლოდ იაპონიის თავისებურება როდი იყო. რომელ იმპერიას უთქვამს უარი ემანსიპაციით თამაშზე.“ 

რუსული პარადოქსი – იმპერია შეტევაზე გადმოდის

ისტორია გვასწავლის, რომ კოლონიური იმპერიებისგან განთავისუფლების საუკეთესო შესაძლებლობა დამონებულ ქვეყნებს მაშინ ეძლეოდათ, როცა დაღმავალ იმპერიებთან აღმავალი იმპერიების წინააღმდეგ შეკრავდნენ ხოლმე კავშირს. ანდა, როცა ერთმანეთთან ბრძოლაში გამოფიტული მჩაგვრელების ფერფლზე ეროვნულ-განთავისუფლებელი მოძრაობების ნაპერწკლის გაღვივება მოხერხდებოდა ხოლმე. სწორედ ასე მოიპოვეს დამოუკიდებლობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებმა ბრიტანეთისა და საფრანგეთის კოლონიური იმპერიებისაგან, რომლებიც ჯერ გერმანიის, ავსტრიისა და ოსმალეთის იმპერიათა წინააღმდეგ ქიშპობაში დასუსტდნენ, მერე კი – მეორე მსოფლიო ომში, გერმანიის, იაპონიისა და იტალიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ანტიდასავლური და ანტიკოლონიური რიტორიკით მიწების მიტაცების დასაბუთება საუკუნეების განმავლობაში იმდენად გაიცვეთა, რომ ცოტათი უცნაურიცაა, რომ პუტინი უკრაინის მიწების მიტაცებას სწორედ ამგვარად ამართლებს თავის სატელევიზიო გამოსვლებში.

თუმცა, მისი განცხადებები რუსული ნეოიმპერიალიზმის ტრადიციებთან კავშირში უნდა წავიკითხოთ. ამ წლის დასაწყისში, პუტინმა ბევრი ევროპელისთვის შოკისმომგვრელად განაცხადა, „პეტრე დიდი 21 წლის განმავლობაში აწარმოებდა ჩრდილოეთის დიდ ომს. ისე ჩანდა, რომ ის შვედეთს ეომებოდა და მათ რაღაც წაართვა.  სინამდვილეში მათთვის არაფერი წაურთმევია. კი არ წაართვა, დაიბრუნა [რაც რუსეთის იყოო]“.

ეს განცხადება მაშინ ძირითადად მეგალომანიაკის ახირებად შეფასდა. თუმცა, საყურადღებო ისაა, რომ პუტინის ლოგიკას თუკი მივყვებით, ყველაფერი, რაც ოდესმე ყოფილა რუსეთის იმპერიის ნაწილი, დღესაც „სამართლიანად რუსეთისაა“. რუსეთის იმპერიული ძალაუფლების ისტორიის ნებისმიერ მომენტში არსებობა ავტომატურად აკანონებს რუსულ გავლენას ამ ტერიტორიაზე რეტროაქტიულად, მთელი ისტორიის განმავლობაში.

მაგალითისთვის: ფაქტია, რომ იმ მიწების უმეტესი ნაწილი, რომელიც პეტრე პირველმა შვედეთს ჩრდილოეთის დიდ ომში გამოსტაცა (ლივონია და ესტონეთი), არასოდეს ყოფილა იმგვარი სახელმწიფო წარმონაქმნის კონტროლქვეშ, რომლის მონათესავედ ან მემკვიდრედაც რუსეთს შეეძლო თავი ჩაეთვალა – თუნდაც ყურით მოთრეული ისტორიული არგუმენტების მოშველიებით.

რუსეთი თავისად იჩემებს „კიევის რუს“-ის ისტორიას და უკრაინის მიწების (ხელახალ) დაპყრობას ამ ისტორიული „კანონზომიერების“ გაგრძელების არგუმენტით ასაბუთებს. თუმცა, წამით რომც ვიწამოთ ისტორიის ასეთი, ნაციონალისტური კუთხით ინტერპრეტაციის სიმართლე, ფაქტი ფაქტად რჩება: ჩრდილოეთის დიდი ომის ნადავლი ტერიტორიები არასოდეს ყოფილა „რუს“ის ან საერთოდ რომელიმე სლავური პოლიტიკური გაერთიანების ნაწილი.

მიუხედავად ამისა, პუტინისთვის ისტორიას უკუძალა აქვს: პეტრე პირველმა ლივონია და ესტონეთი დაიპყრო და ამ ფაქტით, ისინი „ისტორიულ რუსულ მიწებად“ აქცია აწ და მარადის. ეს კარგი გაკვეთილია პუტინის მსოფლმხედველობის აღსაქმელად: ყველგან, სადაც კი რუსეთის დროშა ოდესმე აფრიალებულა, არ აქვს მნიშვნელობა მისი დაპყრობის ისტორიულ მიზეზს, ის კანონიერად (და მუდამ) რუსეთის მიწაა.

უკრაინაში სამხედრო ინტერვენციამ ნათელი გახადა, რომ ასეთ რწმენაზე დამყარებული იმპერიული ამბიცია არა მხოლოდ სიტყვებია, არამედ დაპყრობითი ომის მკვებავი რეალობაც. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, რუსეთის ელიტამ ამ დოქტრინის მიმართ ერთგულება დაადასტურა უკრაინის ტერიტორიების ოფიციალური ანექსიის გადაწყვეტილებით.

ამრიგად, ჩვენ პარადოქსის მოწმენი ვართ – რუსეთის ლიდერი ფაქტიურად უსაზღვრო ტერიტორიულ პრეტენზიებს აცხადებს და ამავე დროს, უკრაინის მიწების ანექსიის გამოცხადებიდან სულ რაღაც ორი თვის თავზე, რუსეთს ჯერაც დასავლური იმპერიალიზმისა და (ნეო)კოლონიალიზმის წინააღმდეგ მსოფლიო ამბოხის ლიდერად ხატავს.

პარადოქსი ფარსად იქცა: სანამ პუტინი დასავლური იმპერიალიზმის დანაშაულებზე საუბრობდა, რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებს ასწორებდა მიწასთან რუსული იმპერიის აღდგენის სურვილით, იმპერიისა, რომლის პირველმა განსხეულებამაც მთლიანად გაანადგურა ციმბირისა და კავკასიის რამდენიმე ხალხი. იმპერიისა, რომელმაც რასისტული ელფერის გენოციდური პოლიტიკა განახორციელა ჩერქეზების წინააღმდეგ.

იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ჩეჩნეთის ომების დროს მსოფლიოს აჩვენა, რომ ერთადერთი ევროპული იმპერიაა, რომელიც დეკოლონიზაციაზე უარს ამბობს, დღეს ტრიბუნაზე დგას და ამტკიცებს, რომ გლობალური სამხრეთის დასავლური ნეოიმპერიალიზმისგან მხსნელი სწორედ რუსეთია.

მისი ქვეყნის მიმართ ვითომდა წარსულში ჩადენილი უსამართლობის მიმართ აღშფოთებით აღვსილი საუბრებით, პუტინმა მე-19 საუკუნისთვის ტიპიური დაპყრობითი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ახლო ისტორიული ანალოგიც ალბათ მე-19 საუკუნეში მექსიკაზე ამერიკის თავდასხმაა.

რა საფრთხეებს შეიცავს ეს უგუნურება

რაზე მეტყველებს გაწყვეტილი კავშირი ფაქტებსა და რუსეთის განცხადებებს შორის?

პირველ რიგში, აშკარაა, რომ იმპერიების მხრიდან თავის განმათავისუფლებლად გამოცხადება და ამით საშინელი დანაშაულის გამართლება იმდენად გავრცელებულია ისტორიაში და იმდენად აშკარაა, რომ მას თვალს ვერ ავარიდებთ. ამიტომაც, არ უნდა ჩავთვალოთ პუტინის განცხადებები უბრალოდ თვალთმაქც ორპირობად, პოლიტიკურ მანევრად, ანდა მხოლოდ დასავლეთის მიმართ მისი ღრმა ზიზღის გამოხატულებად. პუტინის დისკურსი მხოლოდ დასავლეთის პრობლემა არაა, ის გლობალურ საფრთხეს შეიცავს.

პუტინი ისევეა გლობალური ანტიკოლონიალური ბრძოლის ლიდერი,  როგორც ჰიროჰიტო და მუსოლინი. რუსეთი არ არის იმპერიებისაგან გათავისუფლების მედროშე: ის თავადაა იმპერია. ის “მრავალპოლუსიანი“ სამყარო, რომლის შექმნისაკენაც პუტინი მოგვიწოდებს, იმპერიალიზმისგან თავისუფალი სამყარო კი არაა, პირიქით, იმპერიებს შორის გადანაწილებული სამყაროა.

ევროპული იმპერიალიზმის აპოგეა XIX საუკუნეში იდგა. ეს ის ეპოქაა, რომელშიც, კონკურენტმა ევროპულმა სახელმწიფოებმა მთელი კონტინენტები გადაინაწილეს და ამაზე უფრო „მრავალპოლუსიანი“ სამყარო რუსეთს დღეს არც კი დაესიზმრება.  

მზარდი იმპერიების განმათავისუფლებლებად დასახვა ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ იყო მახინჯი ზღაპარი, მაშინ, როცა ვერგილიუსი დამპყრობელ რომაელებზე წერდა „დამორჩილებულთ შეიწყნარებდეთ, ხოლო მედიდურთ დასცემდეთ მიწად.“   ის არც მაშინ გადაქვეულა სიმართლედ, როდესაც იმპერიული იაპონია მსგავსი პრეტენზიებით აზიას იპყრობდა და ახლაც როშვად რჩება. რუსეთი კი სხვა, დამარცხებული იმპერიების გზას ადგას.

საბოლოო ჯამში, იმპერიებს თავისუფლება არასოდეს მოაქვთ; იმისგან, რასაც ისინი აშენებენ, სარგებელს მხოლოდ თვითონ ნახულობენ და „მშვიდობის“ თავისებურ ვერსიასაც თავისთვის ამყარებენ. 

რადგან სტატია კლასიკური ციტატით დავიწყეთ, სხვა ცნობილი ციტატითვე დავასრულოთ ტექსტი. ამჯერად, ტაციტუსს მოვიხმობ, რომელმაც კალედონიელი ბელადის სიტყვებით მკაფიოდ აღგვიწერა, თუ რა ბედისწერას უმზადებს ხალხებს ახალი იმპერიული სამყარო:

„[არაფერია] რომაელებზე უფრო დიდი საშინელება, ამაოა მათი ჩაგვრისგან თავის დაღწევის მცდელობა სიმდაბლითა და მორჩილებით. ეს მსოფლიოს მძარცველები, […] ვერც აღმოსავლეთმა გააძღო და ვერც დასავლეთმა. ადამიანობისაგან განმდგარნი, თანაბარი მონდომებით ძარცვავენ ღარიბსა და მდიდარს. ძარცვას, მკვლელობას, ალაფის წყურვილს, ცრუდ ნათლავენ იმპერიად; თავის გზაზე პარტახს ტოვებენ და მას მშვიდობას უწოდებენ.“

ტაციტუსი, აგრიკოლა, 30. ირაკლი ვაჭარაძის/ჯაბა დევდარიანის თარგმანი.

ახლა ყველაფერი პოსტკოლონიურ სამყაროზეა დამოკიდებული: მათ უნდა გადაწყვიტონ, რამდენად სურთ ამ სიყალბეზე წამოგება.

თარგმნა ირაკლი ვაჭარაძემ, რედაქტირება ჯაბა დევდარიანისა

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button