ახალი ამბები

კვლევა: ბიზნესის 62% ამბობს, რომ მათ საქმიანობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა უარყოფითი გავლენა მოახდინა

„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ (BAG) მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2022 წლის II კვარტალში ბიზნესკლიმატზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ასახავს, გამოკითხული კომპანიების 62% ამბობს, რომ ომმა ან/და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მათ საქმიანობაზე უარყოფილი გავლენა მოახდინა.

კვლევა, რომელიც კვლევითმა ცენტრმა PMCG-მ ჩაატარა იმ 91 კომპანიაში ჩაატარა, რომლებსაც BAG-ი აერთიანებს. მათ შორის არიან ბიზნესსექტორის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა: ნავთობკომპანიები (სოკარი, გალფი, ლუკოილი); ბანკები („თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ბანკი ქართუ“); „საქართველოს რკინიგზა“; საკომუნიკაციო კომპანიები; სააფთიაქო ქსელები; სამშენებლო კომპანიები და სხვ.

ამასთან, 12% ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტორებს მათ საქმიანობაზე ძალიან უარყოფითი გავლენა ჰქონდა, 22%-ის აზრით კი – რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მათ ბიზნესსაქმიანობაზე გავლენა არ ჰქონია.  მხოლოდ 3%-მა თქვა, რომ ამ პროცესებს დადებითი გავლენა ჰქონდა.

წყარო: „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ (BAG)

კვლევის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომს ან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყველაზე უარყოფითი გავლენა სავაჭრო სექტორზე ჰქონდა. სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 71%-მა თქვა, რომ მათ საქმიანობაზე გავლენა უარყოფითი იყო, 11%-მა კი – აღნიშნა, რომ ძალიან უარყოფით.

ყველაზე ნაკლები უარყოფითი გავლენა მომსახურების სექტორში აღმოჩნდა. გამოკითხულთა 61%-ისთვის გავლენა უარყოფითი იყო. 4%-ისთვის კი – ძალიან უარყოფითი.

ბიზნესსაქმიანობისთვის ხელშემშლელი ფაქტორები

გამოკითხული კომპანიების 72%-მა ყველაზე ხელისშემშლელ ფაქტორად მსოფლიო ბაზარაზე წარმოქმნილი ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა; 56%-მა შუალედურ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, 48%-მა – უკრაინასთან შეჩერებული ექსპორტ-იმპორტი, 39%-მა კი – რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობები.

წყარო: „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ (BAG)

ვაჭრობის სექტორში ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელ ომით გამოწვეულ ფაქტორებს შორის, ყველაზე ხშირად, მსოფლიო ბაზარზე წარმოშობილი ლოჯისტიკური პრობლემები დასახელდა (90%), ყველაზე იშვიათად კი – გართულებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან (41%).

ყველაზე ხშირად დასახელებული ფაქტორი მსოფლიო ბაზარზე წარმოქმნილი ლოჯისტიკური პრობლემები (57%) აღმოჩნდა მომსახურების სფეროშიც, ყველაზე იშვიათად კი – რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობები (33%).

რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, ყველაზე ხელშემშლელ ფაქტორად შუალედურ პროდუტებზე გაზრდილი ფასები (78%) და მსოფლიო ბაზარზე წარმოშობილი ლოჯისტიკური პრობლემები (78%) დასახელდა, იშვიათად – გართულებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან (33%).

მრეწველობის სექტორში, ყველაზე ხშირად დასახელებული დამაბრკოლებელი ფაქტორი უკრაინასთან შეჩერებული იმპორტ-ექსპორტია (82%), ხოლო შედარებით იშვიათად დასახელებული ფაქტორებია – შუალედურ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები (55%) და გართულებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან (55%).

გართულებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან

2022 წლის II კვარტალში გამოკითხულ იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობები დაასახელეს, ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად, ყველაზე ხშირად, ფულადი ანგარიშსწორების პრობლემა დააფიქსირეს (68%). შემდეგია გართულებული ლოჯისტიკა, მათ შორის, ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები (58%) და რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები (39%).

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გართულების შესაძლო განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიებმა ყველაზე იშვიათად, რეპუტაციული პრობლემები (26%) და სავაჭრო პარტნიორების სანქცირებულთა სიაში მოხვედრა (19%) დაასახელეს.

რუსეთ-უკრაინის ომის ან/და  სანქციების გავლენა პროდუქციის/მომსახურების ფასებზე

საანგარიშო პერიოდში, გამოკითხული კომპანიების ძირითადი ნაწილი (46%) ფიქრობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოკლევადიან პერიოდში მათი პროდუქციის/მომსახურების ფასებზე გავლენა არ ექნება. გამოკითხულთა 39% კი ფასების ზრდას ვარაუდობს, ხოლო 3%-ის აზრით ფასები ძალიან გაიზრდება.

წყარო: „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ (BAG)

სექტორებს შორის, ფასების ზრდის მოლოდინი განსაკუთრებით მაღალია ვაჭრობის (52%-ის აზრით ფასები გაიზრდება) და მშენებლობის (45%) სექტორებში, ყველაზე დაბალი კი – მომსახურების სექტორში (35%).

ომის ან/და სანქციების გავლენა კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობაზე

გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა (85%) ფიქრობს, რომ მოკლევადიან პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მათ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობაზე გავლენა არ ექნება. გამოკითხულთა მხოლოდ 8% ვარაუდობს შემცირებას, ხოლო 1% ძალიან შემცირებას.

სექტორებს შორის, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში მოელიან (28%-ის აზრით მოკლევადიან პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება), ხოლო ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორში (3%).

იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც მოკლევადიან პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მოლოდინი აქვთ, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება უმრავლესობისთვის (67%) 1-20%-ს შორის მერყეობს, 25%-ისთვის აღნიშნული შუალედი 21-40%-ია, ხოლო 11%-ისთვის 41-60%. დასაქმებულთა რაოდენობის 60%-ზე მაღალ კლებას არცერთი გამოკითხული კომპანია არ ვარაუდობს.

ომამდელი მდგომარეობის აღდგენა

იმ კომპანიებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ომმა ან/და სანქციებმა მათ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, 34% მიიჩნევს, რომ ომამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაღწევად 1-2 წელი დასჭირდებათ. 27%-ის აზრით, აღდგენისთვის 1 წელზე ნაკლებია საჭირო.

წყარო: „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ (BAG)

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა ნაწილისთვის (33%) მდგომარეობა ახლაც სტაბილურია.

სექტორებს შორის, სტაბილურობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ვაჭრობის სექტორში (48%), ხოლო ყველაზე დაბალია მრეწველობის სექტორში (მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ მათი კომპანიის მდგომარეობა ახლაც სტაბილურია). ამასთან, მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიებიდან არცერთი მიიჩნევს, რომ ომამდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად 2 წელზე მეტია საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button