სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დეკანოზის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება – ორ ეპიზოდში დაირღვა.
ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი მამალაძისთვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში 9 418 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. მომჩივანი მხარე 376 304 ლარის კონპენსაციას ითხოვდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზის სასამართლო სხდომების დახურვა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. სხდომების საჯაროობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით არის უზრუნველყოფილი.
ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ დეკანოზ მამალაძის მიმართ ასევე დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უდანაშაულობის პრეზუმციის უფლებაც.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მამალაძის მესამე მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულება მოსარჩელის წინააღმდეგ.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ თავად დარღვევის ფაქტის დადგენა იძლევა საფუძველს მოსარჩელისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ის უარს ამბობს კომპენსაციის გადახდის თაობაზე მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
გიორგი მამალაძის ადვოკატის გამოხმაურება
„ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე“, – დაწერა Facebook-ზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დეკანოზის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა.
მისივე თქმით, სასამართლომ სამი გასაჩივრებული საკითხიდან ორი დააკმაყოფილა და „პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა“.
„როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია“, – ხაზი გაუსვა მან.
იუსტიციის სამინისტროს გამოხმაურება
თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი კანონიერად მიიჩნია გიორგი მამალაძის განაჩენი და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
უწყების განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მუხლში მტკიცებულებათა მოპოვებისა და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა და „კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე“.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებს, იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ისინი „პროცედურული ხასიათის“ არის და „გავლენას არ ახდენენ განაჩენის კანონიერებაზე“.
უწყებისვე განცხადებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია“.
წინაისტორია
დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ სამი დღის შემდეგ გახდა, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკანოზი „მაღალი სასულიერო იერარქის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. უკვე 16 თებერვალს, პროკურატურაში დააზუსტეს, რომ „მაღალი რანგის სასულიერი პირი“ სავარაუდო მკვლელობის სამიზნე არ ყოფილა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე და 236-ე მუხლები) 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენი ძალაში დატოვეს ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებმაც. დეკანოზის უფლებადამცველებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის იანვარში მიმართეს. დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I და II ნაწილების დარღვევას ასაჩივრებდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/03/2017 – წმინდა სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ იმსჯელა
- 21/02/2017 – პატრიარქი ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიების ფონზე საქართველოში დაბრუნდა
- 14/02/2017 – ხელისუფლებას ‘მაღალი სასულიერო იერარქის’ მკვლელობის მცდელობა აშფოთებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)