skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10.6% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10.6% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ფასები 0.5%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15.8%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (13.5%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (11.6%-იანი ზრდა).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: პური და პურპროდუქტები (26.1%), რძე, ყველი და კვერცხი (22.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9%), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (18.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%), თევზეული (12.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5%), ხილი და ყურძენი (3.4%).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (1.3%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2%-იანი კლება).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button