შალვა პაპუაშვილი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 24-25 ოქტომბერს ხორვატიას სტუმრობდა, სადაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტს დაესწრო, ასევე კოლეგებსა და სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილის გამოსვლა
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია“ და დასძინა, რომ ქვეყანა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მიუხედავად იმისა, რომ „საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია რუსეთს აქვს ოკუპირებული“.
ამ კონტექსტში, პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მართალია, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრა ბევრისთვის დასავლეთში შეიძლება მოულოდნელი იყო, „სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი“.
„ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – აღნიშნა მან. „ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს“.
მისივე თქმით, „ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას“.
პაპუაშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტებში საქართველოს გამოცდილების შედეგად, ქვეყანამ რამდენიმე გაკვეთილი ისწავლა, მათ შორის, ის, რომ „აუცილებელია აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს მართლმსაჯულების აღსრულებისა და სხვა მსგავსი აგრესიის მცდელობის ჩანასახშივე მოსასპობად“. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო არის უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი განცხადების თანაავტორი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება აუცილებელია, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მიერ დარღვეული სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე. სხვა შემთხვევაში, რუსეთი არ შეწყვეტს სამხედრო თავგადასავლებს მეზობელ ქვეყნებსა და მის მიღმა“.
შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველო არ დაუშვებს, რომ საკუთარი ტერიტორია და ფინანსური სისტემა გამოყენებულ იქნას 24 თებერვლის შემდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების, ძირის გამოთხრის ან თავიდან არიდების მიზნით“.
გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, რადგანაც „ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ წარსულში მსგავსი აგრესიის უგულებელყოფამ საერთაშორისო სისტემაში ახალი ბზარები გააჩინა, რაც უკვე გაცილებით რთული გასამკლავებელი აღმოჩნდა“.
შეხვედრა ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან
ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, მარკეტა ადამოვას შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. პაპუაშვილმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ჩეხეთის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მათვე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსულ აგრესიასა და მისი თანმდევ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
Pleased to meet Marketa Adamova, President of the Chamber of Deputies of the #Czech Republic. Discussed parliamentary ties, impact of Russia’s war against Ukraine, and ??'s EU/NATO membership path. Czech support to ??’s territorial integrity is highly appreciated. @market_a pic.twitter.com/5QZu8ctLB2
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) October 24, 2022
შეხვედრა მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტთან
ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს, იგორ გროსუს შეხვდა და ორი ქვეყნის საერთო მიზნებსა და ევროპულ მისწრაფებებზე იმსჯელა.
შალვა პაპუაშვილმა და იგორ გროსუმ ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და მოლდოვას ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით.
Had a good discussion with the Speaker of the Georgian Parliament, @shpapuashvili, at the #CrimeaSummit. Exchanged views on the implementation of the reforms recommended by the European Commission, the bilateral relationship, and the common future in the European Union. pic.twitter.com/6UGleDw44s
— Igor Grosu (@Igor_Grosu_md) October 26, 2022
შეხვედრა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან
შალვა პაპუაშვილი 24 ოქტომბერს ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ოტმარ კარასს შეხვდა, სადაც მხარეებმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში საქართველოს პროგრესი განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
Engaging meeting with European Parliament’s First Vice-President @othmar_karas on Georgia’s progress in implementing the #EU recommendations, and on bilateral ties between our parliaments. European Parliament is a partner and friend-in-need on Georgia’s EU membership path. pic.twitter.com/8IYIDs6vJg
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) October 24, 2022
ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი ასევე შეხვდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, ვალერი რაბოს და ხორვატიის პარლამენტის სპიკერს, გორდან იანდროკოვიჩს.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/08/2022 – სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა
- 23/08/2021 – ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ყირიმის პლატფორმის სამიტზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)