ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას სტუმრობს 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, 17 ოქტომბერს მოლდაველ კოლეგას, მაია სანდუს შეხვდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება 

გამოსვლის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია მოლდოვაში.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც, კერძოდ კი – დღეს კიევის კიდევ ერთხელ დაბომბვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ეს არის მიუღებელი თანამედროვე მსოფლიოში“.

მან რუსეთის აგრესიას დღევანდელი დღის „ანაქრონიზმი“ უწოდა და განაცხადა, რომ   ქვეყანა ჩარჩენილია „იმ საუკუნეში, რომელიც იყო ომების საუკუნე და ტოტალიტარიზმის საუკუნე“.

„ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის მთლიანად და ამიტომ, არ შეიძლება, რომ აგრესიამ გაიმარჯვოს, არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს არაადამიანურობამ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის, რომლის რეგიონებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები და გამოწვევები კიდევ უფრო „მძაფრად“ იგრძნობა საქართველოში.

ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია. „ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა მან.

„მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ სწორედ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ“, – დასძინა მან.

აღნიშნა რა, რომ უკრაინის ომი „უდიდესი გამოწვევაა“ ევროპისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ დღეს დაინახა „რუსეთის ნამდვილი სახე“, თუმცა წარსულში მათ მაინც ეგონათ, რომ რუსეთი შესაძლოა სანდო პარტნიორი ყოფილიყო მათთვის.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამ გამოწვევამ და უკრაინელი ხალხის ბრძოლამ ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნებს ახალი გზა და შესაძლებლობები გაუხსნა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, სამივე ქვეყანა ევროპისკენ მიმავალ ერთ გზაზე დგას.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სამივე ვნახავთ ამ გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით“.

საქართველოს პრეზიდენტმა პრაღის სამიტზეც ისაუბრა, სადაც ევროკავშირის პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ევროკავშირის წევრებს შეხვდნენ და განაცხადა, რომ „ეს არის სიმბოლიკა იმისა, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ევროპული ოჯახის წევრი“.

„ეს არის ჩვენი მომავალი და სხვა მომავალი და პერსპექტივა არცერთს არ გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენ გვიწევს მეტი სოლიდარობა, ჩვენ შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის… და მეტი სოლიდარობა ევროკავშირთან, იმიტომ, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება განუყოფელია“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტ სანდუს განცხადება 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაია სანდუმაც აღნიშნა, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ეს მოლდოვაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ახალი თავი იქნება საქართველოსა და მოლდოვას შორის ურთიერთობებში და „ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ კონტაქტებს რამდენიმე სფეროში“.

უკრაინის ომზე საუბრისას, პრეზიდენტმა სანდუმ ხაზი გაუსვა, რომ „ახლა ძალიან რთული დროა“. მისი თქმით, საქართველომ და მოლდოვამ პირველივე დღიდან დაგმეს რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, სამხედრო დანაშაულების ჩადენის გამო რუსეთის დასჯისკენ მოუწოდეს, დაეხმარნენ იმ უკრაინელებს, რომელთაც ქვეყანა დატოვეს და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია დაგმეს.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებთ პატივისცემას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა მან.

ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა სანდუმ დაადასტურა მოლდოვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აღნიშნა რა, რომ თუ არ იქნება მშვიდობა უკრაინაში, „არ იქნება მშვიდობა ევროპაში“, მოლდოვის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში უკრაინის დასახმარებლად.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ აგრესიისა და შიშის გაბატონებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ წესებზე-დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, დავადასტუროთ ჩვენი პატივისცემა საერთაშორისო სამართლის მიმართ, სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში“, – დასძინა მან.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ამ სიძნელეებისა, მოლდოვა და საქართველო მუშაობენ „ჰარმონიული განვითარებისა და თავიანთი მოქალაქეების მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის“. მისივე თქმით, „ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება ამის მიღწევაში დაგვეხმარება“.

ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის კონტექსტში, პრეზიდენტმა სანდუმ ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროები გამოყო. მან ასევე ისაუბრა ორივე ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემის – პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინაღმდეგ ბრძოლის საქმეში გამოცდილების გაზიარებაზე.

რაც შეეხება ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენი მოვალეობაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხების ევროპული ოცნების რეალიზება დავაჩქაროთ“.

პრეზიდენტმა სანდუმ 2021 წლის ზაფხულში ბათუმში მისი ვიზიტიც გაიხსენა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი 2023 წლის ზაფხულში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობისთვის კიშინიოვში მიიწვია.

„ევროინტეგრაციის პროცესში ღია დიალოგი და თანამშრომლობა, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების გაზიარება და გამოცდილების გაცვლა დაეხმარება ჩვენს ქვეყნებს, რომ ევროპულ გზაზე წინ წავიწიოთ და საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალ სამყაროში გარანტირებული მომავალი შევთავაზოთ“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button