Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ლიდერები და შარლ მიშელი ბათუმის კონფერენციაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ასევე უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები – ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოვიდნენ.

კონფერენცია სასტუმრო „შერატონში“ მედიის წარმომადგენლებისა და აქტივისტების პროტესტის ფონზე გაიხსნა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას ითხოვდნენ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ევროპული არჩევანი განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან. ის განუყოფელია ჩვენი ღირებულებებისგან და ეს ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა“. „ამ არჩევანს, ევროპული გზის არჩევანს, ჩვენი და, როგორც ვიცი, ჩვენი მეგობრებისთვის ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპული არჩევანი „ჩვენი ხალხის უცვლელი არჩევანია და ეს არის საკითხი, რომელზეც კონსენსუსი, მიუხედავად პოლარიზაციისა, მიუხედავად პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატებისა, არასდროს გამხდარა დავის საგანი“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი იმისა, რომ „ჩვენ ამ საქმეში მარტონი არ ვართ… ის ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ და ბევრად სწრაფად“.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბათუმის კონფერენცია არის ძლიერი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და რომ „ეს არის მომენტი, როცა განხილულ უნდა იქნას ევროკავშირის ხელახლა ჩართულობა რეგიონში“. მისივე თქმით, პრეზიდენტ მიშელის მედიაცია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში და ცოტა ხნის წინ მისი ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხილვა ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი მეზობელი რეგიონის არსებობა, რომელიც იქნება „დემოკრატიული, სტაბილური და უსაფრთხო“.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამოსვლა

„აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა“. პრემიერმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელება მისი მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტად რჩება და რომ მისი მთავრობა აგრძელებს რეფორმებს „ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის“.

ხაზი გაუსვა რა ქართული ოცნების მთავრობის „ამბიციურ პირობას“ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“.

მისი თქმით, „ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. განახლებული მრავალმხრივი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების შედეგად, ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება, დემოკრატია მუშაობს და ჩვენს ეკონომიკაში აღმავლობა იწყება“.

პრეზიდენტ შარლ მიშელის გამოსვლა

„ევროკავშირი სოლიდარობის ნიშნად თქვენს გვერდით დგას… თქვენი რეფორმები გამოწვევების წინაშეა და ჩვენი საერთო მიზანია, რომ ერთად გადავლახოთ ეს გამოწვევები“, – მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს.

„დეკემბერში ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი გაიმართება. დღეს გპირდებით, რომ ევროკავშირი თქვენი რეგიონისთვის ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიშელმა და დასძინა – „იმედი გვაქვს, რომ განაგრძობთ რეფორმებს არა იმიტომ, რომ ბრიუსელს ასიამოვნოთ, არამედ თქვენი ხალხის, თქვენი საზოგადოებების ინტერესებისთვის“.

„ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, თანასწორი უფლებები, უარი ვთქვათ დისკრიმინაციაზე, მხარი დავუჭიროთ გამოხატვის, შეკრებისა და პრესის თავისუფლებას, რაც განსაზღვრავს ვინ ვართ ჩვენ და ეს კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა“, – აღნიშნა მან, რომელსაც, სავარაუდოდ, 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობა ჰქონდა მხედველობაში.

პრეზიდენტმა მიშელმა ასევე ახსენა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ევროკავშირის მიერ, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, ექვსი აღმოსავლელი პარტნიორისთვის 2.5 მილიარდი ევროს მობილიზაციის საკითხი და აღნიშნა, რომ „ევროკავშირის ეს ძლიერი მხარდაჭერა მკაფიოდ აჩვენებს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რასაც თქვენთან პარტნიორობას ვანიჭებთ“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ტრამპლინი უფრო დიდი თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში, „ის არის კატალიზატორი დემოკრატიის, კარგი მმართველობის რეფორმებისა და კანონის უზენაესობისთვის“.

უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა 

„დღეს ჩვენ [საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას] საერთო მისწრაფებები გვაქვს, რადგანაც საერთო ხედვები გვაქვს ხვალისთვის. ეს არის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა, თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, „სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყნებს აერთიანებს არა მხოლოდ მისწრაფებები, არამედ ის ფასიც, რომელიც ამაში გადავიხადეთ. ჩვენ ვიცით და არა წიგნებიდან, თუ რა არის ანექსია, რა არის ოკუპაცია, რა არის ომი“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართული შეხვედრა „ევროკავშირის გაფართოებისთვის ახალ რეგიონულ განზომილებას ქმნის, რომელიც ჩვენ სამ ქვეყანას მოიცავს“. „მათ გარეშე, ევროპული პროექტის სურათი დაუსრულებელი ფაზლივით იქნება, რომელსაც სულ ცოტა ეს სამი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია“, – დასძინა მანვე.

გაგრძელება იქნება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button