ახალი ამბები

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 11 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგად საქართველო, 13 სხვა ქვეყანასთან ერთად, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად აირჩიეს. ქვეყნები უფლებამოსილების შესრულებას 2023 წლიდან დაიწყებენ და 2025 წლის ბოლოს დაასრულებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი Twitter-ზე მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და გაეროს წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოუთმენლად ველი ყველა მხარესთან მუშაობას, რათა დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება და ხელი შევუწყოთ გლობალურ ძალისხმევას ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში“.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა მიულოცა საქართველოს საბჭოში არჩევა და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის „საუკეთესო შესაძლებლობა ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დაცვას მსოფლიოს მასშტაბით, ადგილობრივ დონეზე მაგალითის მიცემით“.

საბჭოს წევრობაზე განაცხადები ასევე შეიტანეს ალჟირმა, მოროკომ, სამხრეთ აფრიკამ, სუდანმა, ავღანეთმა, ბანგლადეშმა, ყირგიზეთმა, მალდივებმა, სამხრეთ კორეამ, ვიეტნამმა, რუმინეთმა, ჩილემ, კოსტა რიკამ, ვენესუელამ, ბელგიამ და გერმანიამ. ავღანეთისა და ვენესუელას გარდა ყველა ქვეყანა გახდა საბჭოს წევრი.

ადამიანის უფლებათა საბჭო გაეროს სამთავრობოთაშორისი ორგანოა, რომლის შემადგენლობაში 47 სახელმწიფო შედის და ისინი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი.  საბჭო ჟენევაში მდებარე გაეროს ოფისში იკრიბება და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ თემატურ საკითხებსა და სიტუაციებს განიხილავს.

გენერალური ასამბლეის წესების თანახმად, საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით ინდივიდუალურად აირჩევიან გენერალური ასამბლეის წევრთა უმრავლესობით.

წევრები სამი წლის ვადით აირჩევიან და ორი ვადით ზედიზედ არჩევის შემდეგ ხელახლა არჩევა ეკრძალებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button