skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი ხელისუფლებას მთავრობის სხდომებზე ჟურნალისტების დასწრების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 28 სექტემბერს „ბიზნეს მედია საქართველოს“ (BMG) მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე მეორედ არდაშვების საკითხს გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე, თანასწორობის პრინციპით მათი მთავრობის სხდომებზე დასწრება და სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობა.

ომბუდსმენის ოფისის გამოხმაურება თელარა გელანტიას 26 სექტემბერის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ იგი მთავრობის სხდომაზე უკვე მეორედ არ დაუშვეს. მისი თქმით, მიუხედავად მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის პირობისა, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე დაუშვებდნენ, პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ცხადაძემ BMG-ის დირექტორს დაურეკა და უთხრა, რომ მის გარდა, „ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო“. „ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს [პირველად] მთავრობის სხდომაზე – მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა“, – დაწერა გელანტიამ Facebook-ზე.

„სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე“, – ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში ცალკეული უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ამ/და არმიწვევის ტენდენციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამგვარ მიდგომას „თანასწორობის პრინციპთან წინააღმდეგობაში მყოფ პრაქტიკად“ აფასებს.

ომბუდსმენი საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაციის გავრცელებასა და ინფორმირებული საჯარო დებატების ხელშეწყობაში „მედიის განსაკუთრებულ ფუნქციასაც“ უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ „კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში“.

ამბის წინაისტორია

„ბევრი კითხვის დასმის“ გამო მთავრობის სხდომაზე არდაშვების შესახებ BMG-ის მთავარმა რედაქტორმა პირველად 12 სექტემბერს განაცხადა. გელანტიამ Facebook-ზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია წინასწარ გაიარა და უკვე მეათე წელია, მთავრობის სხდომებს აშუქებს, ის სხდომაზე ის არ შეუშვეს. მანვე „გონივრული ეჭვი“ გამოთქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ეთერში რამდენიმე დღით ადრე გასულმა სიუჟეტმა გააღიზიანა. სიუჟეტი მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებების არგამოქვეყნებას ეხებოდა.

მაშინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განაცხადა, რომ „საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს“ და დასძინა, რომ მედიის მიმართ „არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია“.

მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტის არდაშვება „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“ გააკრიტიკა და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მომდევნო სხდომებზე ჟურნალისტების „დაუბრკოლებელი დასწრება“ უზრუნველყოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button