ახალი ამბები

ჟურნალისტი ამბობს, რომ ‘ბევრი კითხვის დასმის’ გამო მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

Business Media Georgia-ს (“ბიზნეს მედია საქართველო”) ჟურნალისტმა, თელარა გელანტიამ განაცხადა 12 სექტემბერს, რომ იგი მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს იმ მოტივით, რომ „წესებს არღვევს, ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს“.

გელანტიამ დაწერა „ფეისბუქზე“, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან სხდომაზე დასაწრებად წინასწარ გაიარა რეგისტრაცია და უკვე მეათე წელია მთავრობის სხდომებს აშუქებს, დღევანდელ სხდომაზე ის არ შეუშვეს.

მან განმარტა, რომ BMG-დან ის ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც არ შეუშვეს და ხაზი გაუსვა, რომ „გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში)“.

ხსენებულ სიუჟეტში საუბარია იმ ფაქტზე, რომ უკვე ორი წელია მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები არ ქვეყნდება. სიუჟეტის თანახმად, ვინაიდან ასეთი განკარგულებები ხშირად მთავრობის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხება, როგორიცაა ინდივიდუალური პირებისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა ან ჩუქება, ამ ტიპის ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. საქართველოს კანონმდებლობით, მთავრობა ვალდებულია თავისი განკარგულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნოს.

„ფეისბუქის“ პოსტში გელანტია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართავს: „მარტო მტერი გყავთ ირგვლივ – ყველა, მგონი, მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნეგატიური როლი გქონდეთ“.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს სხდომაზე გელანტიას არშეშვების შესახებ ჰკითხეს. „მთავრობის ადმინისტრაცია, ბუნებრივია, გააკეთებს განმარტებას და ამ განმარტებას ყველა მოვისმენთ“, – განაცხადა მან.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პასუხი

 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს“.

ქარტიამ ხაზი გაუსვა, რომ მედიის მიმართ „არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია“. „მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.  

საქართველოს მთავრობას საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button