ევროპამთავარი თემა

“მედიის თავისუფლების ევროპული აქტი” – ევროკომისიის ამბიციური წინადადება

რა ხდება?

დაპირებისამებრ, 2022 წლის 16 სექტემბერს, ევროკომისიამ კავშირის დონეზე მედიის რეგულირების საკანონმდებლო წინადადება -,,მედიის თავისუფლების ევროპული აქტი’’ (European Media Freedom Act) წარადგინა. ინიციატივას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მით უმეტეს, რომ აქამდე მედიის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კომპეტენციად ითვლებოდა.[1]

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში მედია გარემო უარესდება. მაგალითად, პოლონეთსა და საბერძნეთს შესაბამისად, დამოუკიდებელი მედიის კონტროლსა და ჟურნალისტთა მიყურადებაში სდებენ ბრალს. უნგრეთს კი, მიმდინარე წლის ივლისში, ევროკომისიამ მედიის თავისუფლების ხელყოფისათვის მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოშიც (CJEU) კი უჩივლა.
  • ევროპულ დონეზე მედიის რეგულირების მცდელობა მართლაც რევოლუციური ნაბიჯია. დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაცია მკვეთრად გაზრდის ევროკავშირის კომპეტენციებს არა მხოლოდ კავშირის წევრი მთავრობების, ასევე უცხოური პროპაგანდის კონტროლის მიმართულებითაც. [2]
  • დეზინფორმაციასთან ბრძოლის კავშირის პოლიტიკის დონეზე აყვანა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გახდა აქტუალური.

ანალიზი

ევროკავშირის ლიდერები თავადაც გეგმის ამბიციურობას. წინადადების წარდგენისას ხაზი გაესვა, რომ იგი არა უშუალოდ მედიასთან დაკავშირებული ახალი პოლიტიკა, არამედ ბლოკის მასშტაბით მედია ბაზრის რეგულირების მცდელობაა. ბაზარი და ზოგადად ეკონომიკა კი ევროკავშირის ტრადიციული კომპეტენციის სფეროა.

რას მოიცავს ,,მედიის თავისუფლების ევროპული აქტი?’’

ევროკავშირის მიერ ჟურნალისტთა დაცვის ძალისხმევა არახალი ფენომენია. 2022 წლის გაზაფხულზე ევროკომისიამ ჟურნალისტების წინააღმდეგ უსაფუძვლო სასამართლო საჩივრების (ე.წ. SLAPP) ის წინააღმდეგ გაილაშქრა. შეიქმნა ამ გზით უსაფუძვლოდ დევნილი და შევიწროვებული ჟურნალისტების დაცვის მექანიზმები.[3] ევროკომისიის შემოთავაზებული ახალი წინადადებები მსგავსი სულისკვეთებითაა გამსჭვალული.

  • ახალი წინადადება მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში სახელმწიფოს ჩარევის შესაძლებლობას. მაგალითად, იკრძალება მედიის მუშაკებისა და მათი ოჯახების მიყურადება, თვალთვალი, დაკავება, ჩხრეკა ან შემოწმება ჟურნალისტის წყაროს ვინაობის გარკვევის მიზნით.
  • სახელმწიფოებს საზოგადოებრივი მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობისა და მათი სტაბილური და საკმარისი ოდენობის ფინანსური რესურსებით მომარაგების ვალდებულება ეკისრებათ. ასევე, გამჭვირვალედ, ობიექტურად და არადისკრიმინაციულად უნდა გადაწყდეს საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელობის დანიშვნა-გათავისუფლების საქმეც.
  • მეორე მხრივ, მედია საშუალებებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიან ინფორმაციას მათი პირდაპირი თუ ირიბი მფლობელების შესახებ. ამგვარად, მომხმარებელს ეცოდინება, მოწოდებული ინფორმაციის შინაარსზე ვინ შეიძლება ახდენდეს გავლენას.
  • შეიქმნება ,,მედია მომსახურებების ევროპული საბჭო” (The European Board for Media Services), რომელშიც ეროვნული მარეგულირებელი ინსტიტუტების წარმომადგენლები თითო-თითო ხმას მიიღებენ. საბჭო ხელს შეუწყობს ახალი რეგულაციის პრაქტიკაში დანერგვას, ეროვნულ მარეგულირებლებს გამოცდილების მიმოცვლაში დაეხმარება, თვალყურს ადევნებს ევროპული წესების აღსრულების პროცესს და საქმის კურსში ამყოფებს ევროკომისიას.[4]
  • ასევე, საბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია დეზინფორმაციასთან ბრძოლა იქნება. აღნიშნულ ინსტიტუტს ონლაინ მედია პლატფორმებზე გავრცელებული ინფორმაციის ევროკავშირის პრაქტიკის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა დაევალება. [5]
  • რეგულაციის მიხედვით, მთავრობებმა მედიისთვის სარეკლამო შეკვეთების მიცემისას გამჭვირვალე, ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელონ. ასევე, ევროკომისია მკაცრად მიუდგება აუდიტორიების საზომი სისტემების სამართლიანად გამოყენების საკითხსაც.
  • ევროკომისიის წინადადება ონლაინ პლატფორმებისა და მედიის ურთიერთობასაც შეეხება. თუკი პლატფორმა გადაწყვეტს, რომ საჭიროა ამა თუ იმ მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ბრუნვიდან ამოღება/დაბლოკვა, მან ამის შესახებ აღნიშნულ მედიას წინსწრებით უნდა აცნობოს.[6]

ვის და რატომ (არ) მოსწონს ევროკომი წინადადება?

  • სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე მდგარი ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე,” ,,ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია” და ,,პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი,” მოსალოდნელ ცვლილებებს სიხარულით შეხვდნენ. თუმცა, მაინც აქვთ მცირედი შენიშვნები მედიის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით.[7]
  • თავისმხირვ, დეზინფორმაციასთან მებრძოლნი შიშობენ, რომ ახალმა რეგულაციამ შესაძლოა თვითგამოცხადებულ მედია საშუალებებს – რეალურად კი დეზინფორმაციის წყაროებს – გზა გაუხსნას არაკეთილსინდისიერი საქმიანობის დაუსჯელად წარმართვისაკენ. მართლაც, რეგულაციის მიხედვით, ონლაინ პლატფორმებზე დეზინფორმაციული მასალის ბრუნვიდან ამოღება ძალიან დიდ ძალისხმევასა და ხარჯთან იქნება დაკავშირებული, რაც მას ნაკლებად განხორციელებად გამოსავლად აქცევს. [8]
  • ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარმა და ახალი რეგულაციის უმთავრესმა ინიციატორმა, ვერა იუროვამ, ღიად განაცხადა, რომ მისაღები აქტის გარკვეულმა მოთხოვნებმა, შესაძლოა, რიგი წევრი სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვიოს. [9] მართლაც, ალბათ, რეგულაციის განხილვის პროცესში, რთული იქნება უნგრეთის მსგავს წევრებზე უფრო ხისტი მოწინააღმდეგის პოვნა.

რას უნდა ველოდეთ?

რეგულაციის ძალაში შესვლაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. იგი გულდასმით უნდა განიხილონ როგორც ეროვნულმა ევროპარლამენტმა, ისე განსხვავებული შეხედულებების მქონე ეროვნულმა მთავრობებმა. ასევე, მოსალოდნელია, რომ მოეწყობა ფართომასშტაბიანი განხილვები საზოგადოების დაინტერესებული წრეების ჩართულობით. [10] რთული განსაჭვრეტი არ არის, რომ რეგულაციას წინ დიდი წინააღმდეგობები ელის. ამ ფონზე, საბოლოო შედეგები იქნება კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენადაა გაძლიერებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მზადყოფნა, უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს ისეთ სფეროებშიც სადაც აქამდე უმთავრესი პრიორიტეტი ეროვნულ მთავრობებს ენიჭებოდათ.

კოვიდის პანდემიამ და რუსეთის აგრესიამ უკვე საფუძვლიანად გააღრმავა ურთიერთთანამშრომლობა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, იმდენად. ჩაითვლება თუ არა მედიის თავისუფლებისადმი შიდა და გარე გამოწვევები ასეთივე მნიშვნელობის საფრთხედ, მალე გამოჩნდება.

რა მხრივ ეხება ეს საქართველოს?

საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ხელისუფლების თქმით, ამ წინადადების მიზანი ევროპულ რეგულაციებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. თუმცაღა მედია ასოციაცებმა კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს პროექტის მთელი რიგ დებულებებთან დაკავშირებით. ამ შენიშვნების ნაწილი, სავარაუდოდ, “მედიის თავისუფლების ევროპული აქტის” რეგულაციებისა და რეკომენდაციების მოქმედების არეალში ხვდება და, შესაბამისად, ქართული კანონმდებლობის დახვეწაც სწორედ ამ აქტის სულისკვეთების შესაბამისად იქნებოდა კარგი.


[1] Killeen, Molly. 2022. “Commission Releases Media Freedom Act Proposal, to Mixed Reactions.” Www.euractiv.com. September 16, 2022. https://www.euractiv.com/section/media/news/commission-releases-media-freedom-act-proposal-to-mixed-reactions/?fbclid=IwAR0IVDmGTKTdwCuXO4L9frUG1n_o51qmwjuDJsWe-qKgq-an9yRQcXj-xNQ.

[2] “EU Aims to Shield Media from State Interference.” 2022. POLITICO. September 8, 2022. https://www.politico.eu/article/eu-rules-aim-to-shield-media-from-state-interference/.

[3] Day, Jonathan, and Linda Ravo. 2022. “EU Proposal to Tackle Abusive Lawsuits against Journalists Could Be a Game Changer.” Www.euractiv.com. May 3, 2022. https://www.euractiv.com/section/digital/opinion/eu-proposal-to-tackle-abusive-lawsuits-against-journalists-could-be-a-game-changer/.

[4] “European Media Freedom Act – Proposal for a Regulation and Recommendation | Shaping Europe’s Digital Future.” n.d. Digital-Strategy.ec.europa.eu. Accessed September 21, 2022. https://digital-strategy.ec.europa.eu/en/library/european-media-freedom-act-proposal-regulation-and-recommendation

[5] Welle (www.dw.com), Deutsche. n.d. “EU’s Media Act Steps up Fight for Press Freedom | DW | 16.09.2022.” Www.dw.com. Accessed September 22, 2022. https://www.dw.com/en/eus-media-act-steps-up-fight-for-press-freedom/a-63105844.

[6] “European Media Freedom Act – Proposal for a Regulation and Recommendation | Shaping Europe’s Digital Future.” n.d. Digital-Strategy.ec.europa.eu. Accessed September 21, 2022. https://digital-strategy.ec.europa.eu/en/library/european-media-freedom-act-proposal-regulation-and-recommendation

[7] Killeen, Molly. 2022. “Commission Releases Media Freedom Act Proposal, to Mixed Reactions.” Www.euractiv.com. September 16, 2022. https://www.euractiv.com/section/media/news/commission-releases-media-freedom-act-proposal-to-mixed-reactions/?fbclid=IwAR0IVDmGTKTdwCuXO4L9frUG1n_o51qmwjuDJsWe-qKgq-an9yRQcXj-xNQ.

[8] “The European Commission’s EMFA Proposal Is Paving the Way for the Media Exemption to Come Back.” n.d. EU DisinfoLab. Accessed September 22, 2022. https://www.disinfo.eu/advocacy/the-european-commissions-emfa-proposal-is-paving-the-way-for-the-media-exemption-to-come-back/.

[9] “‘It Includes Many Things That States May Not Like’ – Jourová on EU’s Upcoming Media Freedom Act.” 2022. Radio Prague International. August 9, 2022. https://english.radio.cz/it-includes-many-things-states-may-not-jourova-eus-upcoming-media-freedom-act-8758221.

[10] “Press Corner.” n.d. European Commission – European Commission. Accessed September 22, 2022. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_22_5504. გამოყენებულია მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია.

მსგავსი/Related

Back to top button