Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 7 სექტემბერს კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა წინა დღეს არ გაიზიარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი „საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“.

„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.


6 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ მიღებული კანონპროექტი „მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს… და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს“. მან დაგმო ის ფაქტიც, რომ კენჭისყრა იმ დროს გაიმართა, როდესაც ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა იმართებოდა, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 7 ივნისს მიღებული ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე იზრდება და შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამატებით 27 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით. 77 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, ცვლილებები პირის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განუსაზღვრელად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ისე, რომ მათ არც იცოდნენ ამ თვალთვალის შესახებ. ვეტოს დადებისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და ევროპული“.

ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც გააკრიტიკა ფარული საგამოძიებო მოქმებების შესახებ მმართველი პარტიის მიერ მიღებული „ნაჩქარევი“ ცვლილებები და ხელისუფლებას მისი გადახედვისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button