ახალი ამბები

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასლან ბჟანიას შეხვდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტად მყოფი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაისალ მექდადი რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრაზე ბჟანიამ სირიაში მისი 2021 წლის ვიზიტი გაიხსენა და გამოთქვა რწმენა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონში ვიზიტი „ახალ იმპულსს“ შესძენს მათ ურთიერთობებს.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სირიის არაბთა რესპუბლიკის ასეთი მაღალი რანგის დელეგაციის პირველ ვიზიტს და ვადასტურებთ სურვილს, რომ უახლოეს მომავალში მივიღოთ სირიის ხელმძღვანელობისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები“, – აღნიშნა ბჟანიამ და ოკუპირებულ რეგიონში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადიც მიიწვია.

ასლან ბჟანიამ სირია-აფხაზეთს შორის ურთიერთობების ისტორიულ ფესვებსა და ორ „ქვეყანას“ შორის გაფორმებულ ექვს საერთაშორისო შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა „აფხაზეთი-სირიის ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის ერთობლივ კომიტეტს“ და მის ძალისხმევას ამ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მუშაობა ინვესტიციების გაცვლის, ტრანზიტისა და საექსპორტო სავაჭრო პოტენციალის გამოყენების მიმართულებით“, – განაცხადა ბჟანიამ.

მან გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს სირიასთან „ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და იმედოვნებს, სირიის მხარდაჭერაზე ახლო აღმოსავლეთში სირიის მეგობარი ქვეყნების [აფხაზეთთან] კონტაქტების გაფართოებაში“.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მექდადმა ასლან ბჟანიას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „ორი პრეზიდენტის მეგობრობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ველოდოთ ჩვენს ქვეყნებს შორის პერსპექტიულ ურთიერთობებს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „მინისტრ ინალ არძინბასთან მოლაპარაკებებისას გავაცნობიერე, რომ უთანხმოება არ გვაქვს…“. ამ კონტექსტში მან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ოპტიმიზმი გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ დაეხმარებიან მათ ელჩებს, რომ „შეხვედრებზე განხილული ყველა საკითხი შესრულდეს“.

„აფხაზეთმა თავისი დამოუკიდებლობისთვის დიდი ფასი გადაიხადა და ჩვენ მის ერთად დაცვაში დაგეხმარებით“, – განაცხადა სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეხვედრას, ასევე ასწრებოდნენ – ბჟანიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჯანსუხ ნანბა; აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა; აფხაზეთის „ელჩი“ სირიაში, ბაგრატ ხუტაბა და სირიის ელჩი რუსეთში, რიად ჰადადი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button