ახალი ამბები

საერთაშორისო გამოხმაურებები 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე

ქვემოთ მოცეულია საერთაშორისო გამოხმაურებები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 14 წლისთავთან დაკავშირებით:

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი გმობს რუსეთის უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“. „ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას“, – აღნიშნა მან.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა: „14 წლის წინ რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით სასტიკი ქმედება წამოიწყო, რათა მისი პროევროპული არჩევანი შეეჩერებინა. ჩვენ არასოდეს შევეგუებით „ძლევამოსილების უფლებას“. საქართველო ღირებულებათა ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. ევროპარლამენტი კვლავაც მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოჰყვა“. „უკრაინა საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა და საქართველო ერთად უფრო ძლიერნი არიან საერთო აგრესორის, რუსეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყებამ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდ ანექსიას“.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგვისტოს ომს „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა“ უწოდა. „ჩვენ მაშინაც დავგმეთ ის და ახლაც ვგმობთ“, – აღნიშნა სამინისტრომ.

ლატვიის საგარეო უწყებამ აღნიშნა: „ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ რუსეთის ცინიკურ შეჭრას საქართველოში 2008 წელს… ამ ომმა შეცვალა უსაფრთხოების რეგიონული სურათი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა: „აგრესიამ რუსეთის განახლებული და მზარდი რევანშიზმი აჩვენა. მსოფლიოს პუტინი მაშინ უნდა შეეჩერებინა. თუმცა, ეს ვერ გახდა გაკვეთილი. ახლა რუსეთი უკრაინაში უნდა შეაჩერონ. საკმარისია“.

ეუთოში აშშ-ის მისიამ Twitter-ზე დაწერა: „რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლის თავზე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ გაიყვანოს საკუთარი ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება“.

კანადის საელჩომ თურქეთში Twitter-ზე დაწერა, რომ „კანადა სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს“. „კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ორი ქვეყანა იზიარებს ვალდებულებას თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობის თაობაზე“, – დასძინა საელჩომ.

შვედეთის საგარეო უწყებამ დაწერა Twitter-ზე: „დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების მე-14 წლისთავს აღვნიშნავთ. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დაუჭირა მხარი.

ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებს უკვე რამდენიმე წელია არ აქვთ წვდომა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოუწოდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარიატს და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს იქ შესვლის უფლება მიეცეთ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუდფელდტმა ხაზი გაუსვა ყველა მოქალაქისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საჭიროა უზრუნველყოფილ იყოს პირობები დევნილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისთვის.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 10 აგვისტოს, 15:45 სთ-ზე, ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button