ახალი ამბები

5 ქალი დეპუტატი გმობს აშშ-ის ელჩზე „ორგანიზებულ შეტევას“ და „ომის ნარატივს“

პარლამენტის 5 ქალი დეპუტატი გმობს საქართველოში აშშ-ის ელჩზე, „ქართული ოცნების რიგი წევრებისა, თუ „განდგომილების“ ორგანიზებულ შეტევას“ და მათ „დეზინფორმაციულ ნარატივს“, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

1 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ „მიმდინარე დეზინფორმაციული“ კამპანია „აძლიერებს საქართველოში ანტიდასავლურ [განწყობებს], ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“ და „რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით“.

დეპუტატების განცხადებით, სწორედ „რუსეთის ინტერესია საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის რუსეთის ინტერესების შესაბამისად გატარება“.

შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ, კოლეგებს „იმოქმედონ ქვეყნის დეკლარირებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად“. ასევე, მიმართავენ საქართველოს მთავრობას „დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც ასუსტებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.

დეპუტატები საზოგადოებას ახსენებენ, რომ „აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც ძირითადად დგას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა“.

გარდა ამისა, ისინი, წლების განმავლობაში ამერიკელ კანონმდებელთა მიერ ორპარტიულად მხარდაჭერილ  „საქართველოს მხარდაჭერის აქტზეც“ მიანიშნებენ და აღნიშნავენ, რომ ეს „ხაზს უსვამს საქართველოს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას“.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: თეონა აქუბრდია, სტრატეგია აღმაშენებლიდან; ანა ბუჩუკური, პარტიიდან საქართველოსთვის; ანა ნაცვლიშვილი, პარტიიდან ლელო; ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიიდან და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button