ახალი ამბები

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ზეწოლის მიზეზით ტოვებს

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ სამინისტროს მხრიდან „მუდმივ ზეწოლის“ რეჟიმში იყო. „ცილისმწამებლური ბრალდებები“ უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განაცხადა, რომ უფლებამოსილების „ჯეროვნად“ ვერშესრულების გამო კატუკია თავად გამოიწვიეს.

თეა კატუკია თანამდებობაზე 2019 წელს დანიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. თეა კატუკიას საქართველო-საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ელჩად დანიშვნამდე იგი ფრანგული ჟურნალ Diplomatie-ის მთავარი რედაქტორი იყო.

„ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკა“

ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ Facebook-ზე 1 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში კატუკიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს პოსტზე მისი წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი „საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, და საფრანგეთსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება“ იყო.

„პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს“, – განაცხადა მან.

კატუკიას მტკიცებით, „სისტემაში ღრმად [არის] დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია“.

კატუკიას განცხადებით, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდულ პირობებში, იგი „მტკიცედ“ აგრძელებდა „საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას“.

„აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება“, – ხაზი გაუსვა კატუკიამ.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკა

„დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული“, – განაცხადა მან და დასძინა – „აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლონატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ“.

ელჩმა თანამდებობა მთავრობასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მზარდი უთანხმოებისა და საზოგადოების მხრიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნის ფონზე დატოვა. საგულისხმოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების განცხადებები საქართველოს კანდიდატობის დაცვაში ხელს უშლის.

„ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი“, – განაცხადა თეა კატუკიამ.

საგარეო უწყების პასუხი

„გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თეა კატუკიას განცხადებას.

„ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში“, – განაცხადეს სამინისტროში.

საგარეო უწყების თქმით, „სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა“.

სამინისტროში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ „საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“.

საგარეო უწყების განცხადებას თეა კატუკიამაც უპასუხა. „ეს არის მორიგი უმსგავსო ტყუილი და ცილისწამება. ყველაფრის დამამტკიცებელი საბუთი მაქვს. სამინისტროს მხრიდან დიდი შეცდომა იყო მსგავსი განცხადება“, – მისწერა მან ტელეკომპანია „ფორმულას“ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button