skip to content
ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის „ღირსებას ვერ დავთმობთ“

„თუკი საქართველო [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც [ევროპარლამენტის გუშინდელ] რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“, – განაცხადა დღეს ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

„[კანდიდატის] სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ“, – თქვა დეპუტატმა ინტერნეტგამოცემა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში და ხაზი გაუსვა რომ, „ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს“

ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებული დარღვევების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაციასაც გასცემს.

„გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ „ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის“.

მისივე თქმით, „გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი“, რადგანაც ეს არ „იყო ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება“ და „გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა“.

„გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა“, – აღნიშნა მან და იკითხა – „რა განსხვავებაა, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?!“.

„ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს“.

მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ევროპის ჩამოყალიბებაში, თანამედროვე ევროპა მას „დამამცირებლად“ ექცევა. „ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები“.

დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის“, – განაცხადა მან.

ქართული ოცნების დეპუტატის განცხადება გააკრიტიკა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. “ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???”, – დაწერა მან Facebook-ზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button