ახალი ამბები

ცხინვალი გაეროს რეზოლუციას აკრიტიკებს და ყაზბეგს თბილისის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ საქართველო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ოკუპაციაში დაადანაშაულა და ასევე დაგმო 8 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია, რომელმაც კიდევ ერთხელ აღიარა ასიათასობით დევნილისა და ლტოლვილის უფლება, ძირითადად ეთნიკური ქართველების, დაბრუნდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

„რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მიერ ფაქტობრივად ოკუპირებულია ძირძველი ოსური მიწები – ე.წ. ყაზბეგის რაიონი, სადაც ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს აქვს ადგილი“, – იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ „საგარეო უწყების“ სიტყვებზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, სწორედ ოსმა ლტოლვილებმა დატოვეს საქართველო 90-იან წლებში, რათა „თავი დაეღწიათ ეთნიკური წმენდისა და აგრესიისგან საქართველოს მხრიდან, რომელთა ბედიც ნაკლებად აწუხებს კოლექტიურ დასავლეთს“.

დაგმო რა რეზოლუცია, ცხინვალის რეგიონის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ დოკუმენტი ცალმხრივ, პოლიტიკურად მოტივირებულ მიდგომას ასახავს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ მდგომარეობასთან და დევნილთა ბედით შეწუხებასთან.

მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „ერთ დროს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „შერჩეული“ სახელმწიფოების პლატფორმა ხდება და მხოლოდ მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ემსახურება“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრეტენზიებს გამოთქვამს. რეალურად, ყაზბეგის რეგიონი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და ცხინვალის რეგიონთან არანაირი საგზაო კავშირი არ გააჩნია, სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა.

საქართველოში, დაახლოებით 290 000 დევნილია, მათ შორის 260 000 აფხაზეთიდან, ხოლო 30 000 ცხინვალის რეგიონიდან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button