ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ცხინვალის რეგიონის რეფერენდუმის შესახებ 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს.

„გაერთიანების საკითხი ორი მხარის მონაწილეობას მოითხოვს. ჯერ ის ვნახოთ, როგორ მისცემენ ხმას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები რეფერენდუმში“, – განაცხადა რუდენკომ, რომელმაც 19 მაისს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება რატიფიკაციისთვის სახელმწიფო დუმას წარუდგინა.

„რიგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ამ გადაწყვეტილების დროულობა და ხელსაყრელობა სწორად ახლა“, – აღნიშნა მან.

ჯერჯერობით, რუსეთი თვალს გაადევნებს რეფერენდუმისთვის მზადების პროცესს, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუდენკოს სიტყვენზე დაყრდნობით.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისთან ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმის საკითხი განიხილა.

კარასინის თქმით, „ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც ჩვენ ქართველ პარტნიორებს აწუხებთ, ყურადღებით ვადევნებთ ამას თვალს“.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ჯერ კიდევ მოქმედმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა რეგიონის რუსეთთან „მიერთების“ შესახებ რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ანატოლი ბიბილოვმა პირველად რეგიონის 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა. თუმცა, 8 მაისს გამართულ მეორე ტურში იგი ოპოზიციონერმა კონკურენტმა, ალან გაგლოევმა დაამარცხა.

ალან გაგლოევმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან შეუდგება, ზოგადი მხარდაჭერა გამოხატა რუსეთთან მიერთების თაობაზე, თუმცა რეფერენდუმის ჩატარების დრო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button