ახალი ამბები

მარნეულში პოლიციის მიერ მოქალაქის შესაძლო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 18 მაისს განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის მკვიდრის, რაუფ ბაირამოვის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე) და სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (333-ე) საქმეს იძიებს.

სოფელ კაჩაგანში, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ბაირამოვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია, მედიაში გუშინ გავრცელდა.

მედიის ცნობით, რაუფ ბაირამოვი პოლიციაში 13 მაისს, ამავე სოფელში მომხდარი ძარცვის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარეს, შემდეგ კი – მარნეულის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მასზე პოლიციელებმა, სავარაუდოდ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

რაუფ ბაირამოვის დედამ „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში თქვა, რომ მისი შვილი პოლიციიდან ნაცემი დაბრუნდა და უთხრა, რომ მას იმ დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რომელიც მას არ ჩაუდენია.

გარდაცვლილის ძმამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ მომხდარის შემდეგ, მისი ძმა სახლიდან გავიდა და მას ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, საბოლოოდ კი – საკუთარი სახლის სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

იგი ვარაუდობს, რაუფ ბაირამოვმა პოლიციაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო და თავი სწორედ ამიტომ მოიკლა. „ყველა ის პოლიციელი უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეშია ჩარეული“, – უთხრა გარდაცვლილის ძმამ ტელეკომპანია „მთავარ არხს“.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა განმარტა, რომ შსს-ისგან ბაირამოვის რაიონულ სამმართველოში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები უკვე გამოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button