ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ივანიშვილს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში შეფერხებები შეექმნა 

ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ლონდონში, ნიუ-იორკსა და გერმანიაში „გარკვეული შეფერხებები“ შეექმნა, ნათქვამია მისი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში, რომელიც მედიაში დღეს გავრცელდა.

ივანიშვილის ადვოკატმა, რომელიც იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორია, განაცხადა, რომ შეფერხებები „უცნაურად ემთხვევა“ ივანიშვილის დავას შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან, რომელმაც ივანიშვილის მიერ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოგებული 600 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააგვიანა.

კერძოდ, ადვოკატის თქმით, ივანიშვილს შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების „დროულ და შეუფერხებელ“ გადაადგილებაში, ასევე გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანაში.

ყიფიანმა აღნიშნა, რომ ივანიშვილმა „შედარებით იოლად“ გადალახა შეფერხებები ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში, სადაც საკითხი „საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით“. რაც შეეხება გერმანიას, ვერტმფრენი, რომელიც თბილისში მარტის დასაწყისში უნდა ჩამოეყვანათ, აპრილის შუა რიცხვებში ჩამოვიდა და „ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაც“ იურიდიული გზებით მოგვარდა.

მოცემულ საკითხებზე სხვა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ყიფიანმა განაცხადა, რომ ივანიშვილის პოზიციაა, Credit Suisse-სთან ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას.

ვრცელ განცხადებაში, ვიქტორ ყიფიანმა Credit Suisse-ის რწმუნებული კომპანია Green Vals Trust „დასაბუთებული ახსნის“ გარეშე გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარის გამო გააკრიტიკა.

„ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის“, – აღნიშნა ყიფიანმა.

ადვოკატმა ტელეკომპანია „მთავარი არხიც“ გააკრიტიკა იმ სიუჟეტის გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთთან და ქვეყნის ელიტასთან მჭიდრო კავშირების გამო ივანიშვილი, შესაძლოა, დასავლური სანქციების სამიზნე გახდეს.

„ივანიშვილთან ჩემი საადვოკატო საქმიანობის შედეგად მუდმივი კომუნიკაცია სრულ საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების მხრივ მის პოზიციასა და დამოკიდებულებაში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აღნიშნა ყიფიანმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის პოზიცია სწორედ საქართველოს განვითარებისა და მისი საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება.


მაშინ, როდესაც ქართული ოცნების დამფუძნებელი მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტთან ახალი დავის დასაწყებად ემზადება, მმართველი პარტიის წევრებმა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ გარკვეული ძალები უცხოეთიდან ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისა და „ომში ჩართვისკენ“ უბიძგებენ.

ამ კონტექსტში, სახელისუფლებო ექსპერტებმა გუშინ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button