ახალი ამბები

მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარი გამოაქვეყნა

საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარი გამოაქვეყნა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის თაობაზე მოსაზრებას მოამზადებს.

42-გვერდიანი დოკუმენტი ორ ნაწილადაა გაყოფილი – პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებად და საერთო ჯამში, 369 კითხვისგან შედგება. თავის მხრივ, ორი ნაწილი, სამი და ორი თავისა და საერთო ჯამში 20 ქვეთავისგან შედგება.

პირველი ნაწილი პოლიტიკური კრიტერიუმების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ შეიცავს კითხვებს საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობის, ასევე წესებისა და რეგულაციების, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო ადმინისტრირების, უსაფრთხოების ძალებზე სამოქალაქო ზედამხედველობის, სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკისა და სტრატეგიის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

ფუნდამენტური უფლებები, პოლიტიკური კრიტერიუმების მეორე ნაწილი, იკვლევს ვითარებას არსებითი, ასევე პროცედურული უფლებების დაცვასთან, უმცირესობათა და კულტურული უფლებების პატივისცემასა და დაცვასთან და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური კრიტერიუმების დასკვნითი ნაწილი ეხება რეგიონულ ინიციატივებს, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს, ასევე მის მონაწილეობას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ რომის სტატუტში და კერძო საერთაშორისო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციაში.

რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, მისი პირველი თავი – ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის არსებობა – განიხილავს საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ასევე პროდუქტის, შრომისა და ფინანსური ბაზრების ფუნქციონირებას, მათ შორის საბანკო სექტორს, კაპიტალისა და ფულის ბაზრებს და არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს.

იმავდროულად, მეორე თავი მიზნად ისახავს შეისწავლოს საქართველოს შესაძლებლობა გაუმკლავდეს კონკურენტულ ზეწოლას და საბაზრო ძალებს ევროკავშირში. ამ კონტექსტში, იგი იკვლევს საქართველოს ინვესტიციებს განათლებასა და ინოვაციებში, ასევე ფიზიკური კაპიტალის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურის ხარისხს, ეკონომიკისა და საწარმოთა პოლიტიკის დარგობრივ სტრუქტურას.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავრობამ დოკუმენტის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე, ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართეს და თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა სთხოვეს.

ევროკომისარმა ვარჰეიმ კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 11 აპრილს ლუქსემბურგში გადასცა. საქართველოს ერთი თვე აქვს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტის შესავსებად.

საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მარტის დასაწყისში წარადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button