ახალი ამბები

სომხეთის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი, რომელიც 4-5 მაისს თბილისს სტუმრობს, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 4 მაისს, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განიხილეს და იმსჯელეს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გავლენაზე გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

ამ კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის თავდაცვის მინისტრს უთხრა, რომ სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგის წარმართვას. ინიციატივა თბილისში ოფიციალური ბაქოსა და ერევნის ჩართულობით მოლაპარაკებებს გულისხმობს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავის მხრივ, მინისტრმა პაპიკიანმა რეგიონში მშვიდობის დამყარებაში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა 2021 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს, როგორც შუამავლის როლიც გაიხსენა, რა დროსაც ბაქომ დანაღმული ტერიტორების შესახებ ერევნისგან მიღებული რუკების სანაცვლოდ 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა.

ასევ 4 მაისს ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ „უკრაინაში რუსეთის აგრესია არსებითად ცვლის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში“.

შეხვედრის შემდეგ, მათ 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმასაც მოაწერეს ხელი.

მინისტრი პაპიკიანი თბილისს ორ ქვეყანას შორის გახშირებული ორმხრივი ვიზიტების ფონზე ესტუმრა.

სომხეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ თბილისთან „განსაკუთრებული კეთილმეზობლური“ ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა სომხეთის მთავრობის 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button