skip to content
ახალი ამბები

სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თბილისს სტუმრობს

სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი, რომელიც თბილისს სტუმრობს, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

პრემიერმა ღარიბაშვილმა არმენ გრიგორიანს უთხრა, რომ საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის.

ამ კონტექსტში, მათ საქართველოს მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის ინიციატივაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანის, აშშ-ისა და ევროკავშირის მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში ნდობის აღდგენისთვის ინიცირებული პლატფორმაა.

პარალელურად, მინისტრ გომელაურთან შეხვედრაზე, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიცაა, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მათ რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმსჯელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button