ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირის კითხვარის ნაწილს ორშაბათს წარადგენს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და მას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადასცემენ.

ამის შესახებ, პრემიერმა 29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე განაცხადა.

„პრემიერმინისტრის დავალების შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც აერთიანებს 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შემდეგ, მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა. კითხვარის პირველი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოწოდების შემდეგ, 15 აპრილს გამოაქვეყნეს.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს 11 აპრილს გადასცა. ქვეყანას კითხვარის სრულად შესავსებად დრო 13 მაისამდე აქვს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, სამი ქვეყნის წევრობის განაცხადებზე მოსაზრებები ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button