ახალი ამბები

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ქართველები უკრაინელების ერთ-ერთი უახლოესი ხალხია, მას არ ესმის საქართველოს ხელმძღვანელი პირების პოზიცია, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველები უკრაინელებს მაიდნის მოვლენების დროსაც უჭერდნენ მხარს და ამჟამადაც მოხალისეობრივ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ ქვეყანას.

მისი თქმით, ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან და უკრაინის მიმართ სოლიდარობა თბილისის ქუჩებშიც გამოხატეს.

„პირდაპირ ვიტყვი – ჩვენ ნამდვილად მოძმე ერები ვართ, მაგრამ არ მესმის თქვენი სახელმწიფოს პოზიცია. ამიტომ ამას მტკივნეულად ვიღებ“, – უპასუხა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტს კიევში 23 აპრილს უკრაინულ და საერთაშორისო მედიასთან გამართული პრესკონფერენციის დროს.

„არ მესმის, რისი გულისთვის ითქვა უარი სანქციებზე. მე მოვისმინე გზავნილები „უნდა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა“. რომელი ეკონომიკა? მათ [რუსებმა] უკვე წაგართვეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, თითქმის თბილისამდე მოვიდნენ“, – განაგრძო პრეზიდენტმა.

„ჩვენ ომი გვაქვს რუსეთთან და ნამდვილად არ გვინდა კონფლიქტები საქართველოსთან. დარწმუნებული ვარ, რომ არც არასდროს გვექნება… აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს მეგობარ საქართველოში, როგორც კი უკრაინის მხარდაჭერას ვიგრძნობთ თქვენი ხელისუფლების მხრიდან“, – დასძინა ზელენსკიმ.

თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსკოვმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო.

კიევის იმედგაცრუება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საქართველოს მთავრობის უარმა და ჩარტერული რეისით თბილისიდან უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გამგზავრების ხელშეშლამ გამოიწვია. სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიციის“ გამო ზელენსკიმ თბილისიდან უკრაინის ელჩიც გაიწვია.

იმავდროულად, თბილისი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და ხაზს უსვამს, რომ უკრაინას გაეროში, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე დაუჭირა მხარი და ჰუმანიტარული დახმარებაც გაუწია.

ამასთან, უკრაინამ თბილისი რუსული კონტრაბანდის გატარებაშიც დაადანაშაულა. ბრალდება უარყო საქართველოს ხელისუფლებამ და უკრაინას მტკიცებულების წარმოდგენა მოსთხოვა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში არ ეხმარება.

თავის მხრივ, თბილისმა უკრაინის ხელისუფლება, კერძოდ კი – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციას იკავებენ, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოების მცდელობაში დაადანაშაულა.

11 აპრილს ქართულმა ოცნებამ რიგი წინაპირობები წამოაყენა უკრაინაში უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე ვიზიტის განსახორციელებლად. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრობლემურია შემდეგი საკითხები – უკრაინის მიერ ელჩის გახმობა, კონტრაბანდის გატარებაზე ბრალდებები და „საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, [რომლებიც] არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილი“.

16 აპრილს საქართველოს მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბუჩას და ირპინს ესტუმრა, სადაც რამდენიმეკვირიანი რუსული ოკუპაციის შედეგად ჩადენილი სასტიკი დანაშაულების კვალი დარჩა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button