skip to content
ახალი ამბები

თბილისი გმობს ცხინვალის „არჩევნებს“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“ და განაცხადა, რომ „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს“.

„მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება“, – ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უწყებისვე განცხადებით, „არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს“.

საგარეო საქმეთა სამინიტრომ მოუწოდა მოსკოვს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და „შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button