ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრო

საქართველოს ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც დღეს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ასევე ნიდერლანდელ და თურქ დიპლომატებს შეხვდა.

ილია დარჩიაშვილი ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მის უკრაინელ, ფინელ, შვედ, იაპონელ, სამხრეთ კორეელ და ავსტრალიელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა.

მინისტრ დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე მან „საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე“ გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნატოს „განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც გაცვალეს მოსაზრებები.

დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქ გოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე „უკრაინის კრიზისი“ განიხილეს და რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში ანკარის „განსაკუთრებულ როლს“ გაუსვეს ხაზი.

ამავე ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ „წარმატებული“ სავაჭრო ურთიერთობებზეც იმსჯელეს და ამ კუთხით „თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე“ გაამახვილეს ყურადღება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორე რამდენად ვაფასებთ თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – დაწერა Twitter-ზე ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილი განაცხადი და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილა ილია დარჩიაშვილმა ნიდერლანდელ კოლეგასთან, ვოპკე ჰუკსტრასთან შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდები მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. თავის მხრივ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სურვილი, რომ გააძლიეროს თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.

მინისტრ დარჩიაშვილის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ხანმოკლე საუბრისას, „მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე“ შეთანხმდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ახალ რანგში ბრიუსელს 6-8 აპრილის პერიოდში სტუმრობს, გუშინ უკვე შეხვდა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს.

ილია დარჩიაშვილმა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომლმაც 4 აპრილს აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button