დაწურულადევროპა

უკრაინა: მოლაპარაკებების რაუნდი სტამბოლში დაიწყო

რა ხდება: დღეს, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლები შეიკრიბნენ.

რა პირი უჩანს საქმეს: სამხედრო თვალსაზრისით, რამდენიმე ფრონტზე რუსეთი ჩიხშია, რაც ცეცხლის დროებით შეწყვეტის იმედს აჩენს. თუმცა უფრო ფართო თემებზე მხარეები, ჩანს, შორს არიან თანხმობისაგან.

რა ეტაპზეა მოლაპარაკება: უკრაინული დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ “ფაინეშნლ თაიმსს” უთხრა, რომ სამუშაო პროცესში რუსეთი აღარ აყენებს “დენაციფიკაციის მოთხოვნას” და არც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზეა უარზე, თუკი კიევი ნატოში შესვლაზე იტყვის უარს. არახამიას თქმით:

  • უკრაინა მზადაა ამაზე დათანხმდეს, თუკი აშშ და სხვა უცხოელი პარტნიორები მას უსაფრთხოების სამართლებრივ და სამხედრო გარანტიებს მისცემენ.
  • უკრაინის ტერიტორიული მოწყობის საკითხები ამ შეთანხმების ნაწილი ვერ იქნება და ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირად მოლაპარაკებებზე უნდა გაირჩესო.

რა ეჭვები არსებობს: დასავლეთის სახელმწიფოები ჯერ არ გამოთქვამენ მზადყოფნას, რუსეთისაგან უსაფრთხოების ორმხრივი ან მრავალმხრივი გარანტიები მისცენ უკრაინას. არახამიასვე თქმით, რუსებთანაც ბევრი რამაა გაურკვეველი, მაგალითად თუ რას გულისხმობენ ისინი, როცა უკრაინის “დემილიტარიზაციაზე” საუბრობენ. სხვა პრობლემებიცაა:

  • პუტინის წარმომადგენლად საუბრებზე შედარებით დაბალი დონის მომლაპარაკებლები არიან. ვლადიმირ მედენსკის სერიოზული ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია, თუმცა შესაძლებელია, მას პუტინი პირადად ენდობოდეს. ასეც რომ იყოს, რუსული დელეგაციის შედარებით შერბილებულ პოზიციასთან ერთად, თავად რუსეთის პრეზიდენტი კვლავაც რადიკალურ მოთხოვნებს აჟღერებს.
  • თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ეკონომისტთან” ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს უკრაინელებს თავს მოახვიოს რამე – ტერიტორიული მოწყობის საკითხები რეფერენდუმის გადასაწყვეტიაო. იმავე ინტერვიუში ისიც თქვა, არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს თუნდაც მოკლევადიანი დაზავება სურსო.

რუსეთის პოზიცია: გასულ პარასკევს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არაპირდაპირ აღიარა კიევსა და ხარკოვზე შეტევის წარუმატებლობა და განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა დონბასის რეგიონის “გათავისუფლებაა” დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

  • თუმცაღა, რუსეთი კვლავაც ითხოვს კიევისაგან ამ ორი “რესპუბლიკის” დამოუკიდებლობის აღიარებას და ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობას, რაზეც ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ვერ დათანხმდება.
  • პარალელურად, რუსეთი აგრძელებს შეტევას სამხრეთში, განსაკუთრებით მარიუპოლის მიმართულებით, რათა ყირიმთან რუსეთის პირდაპირი სახმელეთო კავშირი უზრუნველყოს.

წარმატების ხატება: პირველი რუსული შეტევის ჩაფლავების შემდეგ, უკრაინელებს გაუჩნდათ იმედი, რომ შესაძლებელია ერთ ან ორ თვეში სამხედრო გამარჯვებას მიაღწიონ. ამდენად არ გვიღირს, რომ პუტინის “სრულიად არარაციონალურ” მოთხოვნებზე დავთანხმდეთო, ამბობს მარიან ზაბოლოცკი, მმართველი პარტიის დეპუტატი.

  • დამკვირვებლების ნაწილი თანხმდება, რომ უკრაინის წარმატებები ბრძოლის ველზე და საინფორმაციო ომში ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ ზელენსკი ამ ეტაპზე მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავა, ან რომც სურდეს, ხალხი ამის საშუალებას მისცემს.
  • ბევრი დასავლელი დამკვირვებელი შიშობს, რომ თუკი პუტინი დაინახავს, რომ მისი ჯარი სამარცხვინოდ მარცხდება, ის ან რაიმე რადიკალურ ზომას გამოიყენებს, რომ უკრაინელების წინააღმდეგობა გატეხოს – მაგალითად ქიმიურ იარაღს – ანდა შეეცდება ბრძოლა შედარებით დაბალი ინტენსივობის კონფლიქტად აქციოს, სანამ დასავლეთის ყურადღება არ მოდუნდება და ახალ ძალებს არ შეყრის უკრაინაში.

რას მივაქციოთ ყურადღება: პუტინის გამოსვლები და რუსეთის მედიაში არსებული ატმოსფერო მომავალი კომპრომისის – ან მისი არარსებობის – კარგი ინდიკატორი შეიძლება აღმოჩნდეს. ბუნებრივია, მედიაზე სრული კონტროლის პირობებში, პუტინს შეუძლია კიევის შედარებით მცირე დათმობები რუსებს დიდ წარმატებად მიჰყიდოს. ოღონდაც ის ამ ბრძოლაში ნატოს წინააღმდეგ ბრძოლის დროშით ჩაება და საეჭვოა, ასე მარტივად შეძლოს უკანდახევა. სავარაუდოდ, ომის ყველაზე სასტიკი ფურცლები უკრაინელებს ჯერ წინა აქვთ.

მასალა მომზადებულია AXIOS-ის ანალიზსა, The Economist-ში გამოქვეყნებულ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუსა და საკუთარ ალღოზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button