ევროპამათი თვალით

გენერალი: ვალერი ზალუჟნი

უ სამხედრო ფორმით არ შემოგხვდათ, ვალერი ზალუჟნი ეგებ, სათანადოდ ვერც შეაფასოთ. ადვილი მოსალოდნელია, რომ მას შორტებსა და მაისურში გამოწყობილს გადააწყდეთ, ჩაცმულობაში, რომელიც მის გულღია და ხალისიან ხასიათს მშვენივრად შეესაბამება. ალბათ ამიტომაცაა, რომ როცა ზალუჟნიმ პირველად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლებისგან შეიტყო, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლად შეგარჩიეთო, ხუმრობა ეგონა.

როცა მივხვდი, არ მეხუმრებოდნენო, ეუბნება ზალუჟნი „თაიმს“, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მზის წნულში კი არ ჩამაზილეს მუშტი, არამედ გვარიანად უფრო ქვემოთო.

არა, ზალუჟნი არც პირქუში ჯორჯ პატონია და არც ხისტი დუგლას მაკარტური. ოღონდაც, როცა უკრაინული ომის ისტორია დაიწერება, ზალუჟნი მასში ალბათ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.  

ის იმ უკრაინელ სამხედრო მეთაურებს შორისაა, რომლებმაც შეძლეს და რამდენიმე წლის განმავლობაში, საბჭოურ თარგზე მოჭრილი ჯაბახანა ჯარი, თანამედროვე, ბრძოლისუნარიან არმიად გარდაქმნეს.

აღმოსავლეთის ფრონტზე რუსებთან ბრძოლაში გამოწრთობილი გენერალი უკრაინელი სამხედრო მეთაურების ახალი თაობის წარმომადგენელია: მათ ისწავლეს მოქნილობა, აითვისეს მეთაურებისთვის ველზე გადაწყვეტილებების მიღების უფლების გადაცემის მნიშვნელობა. სწორედ ზალუჟნის ჯიუტი მზადება ომისათვის და ომის დასაწყისში მის მიერ კარგად გააზრებული სამხედრო ტაქტიკა გახდა რუსების პირველი იერიშის მოგერიების საწინდარი.

პრეზიდენტი ზელენსკი გენერალ ზალუჟნის სამხედრო ღირსების რაინდის ორდენით აჯილდოვებს, 2022 წლის 6 მაისი.

„ზალუჟნი სწორედ ისეთი სამხედრო მოაზროვნე აღმოჩნდა, როგორიც მის ქვეყანას სჭირდებოდა. მისი წინამძღოლობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სწრაფად მოერგო ვითარებას და რუსების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე ინიციატივა მოიპოვა,“ – ამბობს თავის კოლეგაზე აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი.

დღეს უკრაინა ამ სამხედრო ინიციატივის წყალობით ახალ საკვანძო წარმატებას აღწევს. სექტემბრის დასაწყისში, ჩრდილო-აღმოსავლეთით  განხორციელებულმა ელვისებურმა კონტრშეტევამ რუსეთის ძალები დაარეტიანა. მათ უწესრიგოდ დაიხიეს უკან და ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი დათმეს. სამხრეთში განხორციელებულ მეორე სამხედრო ოპერაციასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, მათ ორ კვირაზე ნაკლებ ხანში 6 000 კვადრატული კილომეტრზე მეტი გაანთავისუფლეს, დაიბრუნეს ათობით დასახლებული პუნქტი და ქალაქი, გადაჭრეს მტრის მომარაგების არტერიები.

უკრაინის არმიამ ოსტატურად გადაიტანა ყურადღება სამხრეთის ფრონტისაკენ, შემდეგ კი ჩრდილო-აღმოსავლეთით დაარტყა რუსებს და ზარი დასცა. სამხედრო წარმატების გარდა, უკრაინამ ამ წინსვლით ისიც დაამტკიცა, რომ დასავლეთთან დაზვერვაში მჭიდრო თანამშრომლობას და მილიარდობით აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას რეალური შედეგები მოაქვს ბრძოლის ველზე.

უკრაინამ ბრძოლის ველზე ეს მოულოდნელი გამარჯვება სწორედ იმ კრიტიკულ მომენტში მოიპოვა, როცა ომი თითქოსდა გაჭიანურებულ, გამოფიტვაზე გათვლილ პოზიციურ ბრძოლაში გადაიზარდა. ევროპისა და მსოფლიოს გარშემო ეკონომიკური წნეხი იზრდებოდა, სკეპტიკოსები სულ უფრო ხმამაღლა ამტკიცებდნენ, უკრაინა გაჭიანურებულ ომს ვერ გაუძლებსო. უკრაინის დრამატულმა გამარჯვებამ მოსკოვი შეძრა, კრემლისპირელი პროპაგანდისტები კი აიძულა, მარცხი ეღიარებინათ, რამაც პუტინზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლაც გააძლიერა. უკვე 21 სექტემბერს, პუტინმა გაუარესებულ ვითარებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი მობილიზაციით უპასუხა და 300 ათასამდე მოქალაქე გაიწვია.

უკრაინელი და ამერიკელი ოფიცალური პირებიც აცნობიერებენ, რომ ომი ნავარაუდევზე ხანგრძლივი და სისხლიანი იქნება. პუტინმა უკვე გვიჩვენა, რომ მოწინააღდმეგის დასასუსტებლად არც საკუთარი ჯარების გაწირვას მოერიდება და არც სისასტიკეს. მუქარით სავსე ბოლო მიმართვაში პუტინმა განაცხადა, „ბლეფი არ მჩვევიაო“ და დაიჟინა, რუსეთის დასაცავად ჩემს ხელთ არსებულ ყველა სახის შეიარაღების – ალბათ ბირთვულისაც – გამოყენებას არ მოვერიდებიო.  

უკრაინის წარმატებული შეტევა საკვანძო მოვლენაა, მაგრამ არა გადამწყვეტი დარტყმა, რომელიც რუსეთს გასტეხს. „გავა დრო და ჩვენ ამ უკრაინულ წარმატებას ისე შევხედავთ, როგორც მიდვეის ბრძოლას ვუცქერთ ხოლმე [მიდვეი 1942 წელს აშშ-იაპონიის გარდამტეხი საზღვაო და საჰაერო ბრძოლა იყო, რომელშიც იაპონიამ მძიმე მარცხი იწვნია, თუმცა მას შემდეგ, ომმა კიდევ სამი წელი გასტანა – რედ.]“ – გვეუბნება აშშ-ს არმიის ვეტერანი, „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიის მეთაურთა პროგრამის ხელმძღვანელი, დენ რაისი, რომელიც ამჟამად ზალუჟნის სპეციალური მრჩეველია.

ხარკივზე შეტევის რუსული კვალი. ფოტო: უკრაინის არმია.

ზალუჟნი ერთ-ერთია უმაღლესი რანგის ოფიცერთა შორის, რომლებმაც უკრაინის მტერთან შედარებით მცირერიცხოვან დამცველებს წარმატება შეაძლებინეს. მას ზურგს უმაგრებენ გენერალი ოლეკსანდრ სირსკი – უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, რომელიც კიევის დაცვას და აღმოსავლეთში კონტრშეტევას ხელმძღვანელობდა; და გენერალი კირილ ბუდანოვი – უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი.

ოღონდ პრეზიდენტის გვერდით, სწორედ ზალუჟნი გახდა უკრაინული სამხედრო წინააღმდეგობის სახე. მისი გამოსახულება უკრაინულ სოციალურ მედიაში ყველგანაა მოფენილი. ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ფოტოში „რკინის გენერალი“  მუხლმოდრეკილი დგას ჯარისკაცის კუბოსთან, მგლოვიარე დედის წინაშე. მეორე ფოტოში მომღიმარე ზალუჟნი უკვე ჯარისკაცის ქორწილს ესწრება. ზალუჟნის  გულშემატკივართა ტელეგრამ არხებს ასობით ათასი გამომწერი ჰყავს, ბევრს თავის პროფილის სურათად სწორედ ზალუჟნის ფოტო უყენია. მასზე გავრცელებულ ერთ-ერთი სახუმარო TikTok ვიდეოში კი ნათქვამია – „როცა ზალუჟნი ბნელ ოთახში შედის, შუქს კი არ ანთებს, სიბნელეს თიშავსო.“

გენერლის ეს სურათი ომის ერთ-ერთი სიმბოლოდ იქცა.

რთული სათქმელია, რა მიმართულებით განვითარდება ეს ომი ან საბოლოოდ რა როლს შეასრულებს მასში ზალუჟნი, თუმცა დღეს, ომის დაწყებიდან პირველად შეიძლება თქმა, რომ მისი მეთაურობით მებრძოლმა არმიამ ამ ომში შეიძლება გაიმარჯვოს.


ალუჟნი მეუღლის დაბადების დღეზე ლუდს წრუპავდა, როდესაც მას მობილურით დაურეკეს და ახალი სამსახურის შესახებ აცნობეს. 48 წლის გენერალი პრეზიდენტ ზელენსკის შემოთავაზებულ პოსტს არც რანგით შეეფერებოდა და არც პრესტიჟით. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის პოზიცია უმაღლესი სამხედრო თანამდებობაა, მასზე უფროსი მხოლოდ თავად პრეზიდენტია. „ყოველთვის როდესაც ვიხსენებ თუ როგორ დავინიშნე ამ თანამდებობაზე, სულ ვეკითხები ჩემს თავს: როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში?“ – უთხრა ზალუჟნიმ „თაიმს“ ივნისში ჩაწერილ ინტერვიუში.

ზოგიერთებს, ზელენსკის არჩევანი ნაჩქარევად ეჩვენათ. ზალუჟნის ბრძოლის ველზე აგრესიული და ამბიციური გენერლის რეპუტაცია კი ჰქონდა, მაგრამ ცოტა არ იყოს, მასხარის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ამბობდნენ, საკუთარ ჯარისკაცებთან შეხუმრებულია და მათთან ერთად მაიმუნობა უფრო ეხალისება, ვიდრე დისციპლინის დამყარებაო.

ზალუჟნი უკრაინის ჩრდილოეთით, საბჭოთა სამხედრო გარნიზონში დაიბადა 1973 წელს და როგორც თავად ამბობს, ზელენსკისა არ იყოს, თურმე კომიკოსობაზე ოცნებობდა. ბოლოს, მაინც წინაპრების ნაკვალევს გაჰყვა და 1990 წელს ოდესის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა. სწორედ ამ წელს, საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა და უკრაინამაც კრიზისში შეტოპა. 

ზალუჟნი ახალი თაობის იმ ოფიცრებს შორის დაწინაურდა, რომლებმაც განსხვავებულ ეპოქებს შორის გასდეს ხიდი – საბჭოთა კავშირში გაიზარდნენ, მაგრამ მოწადინებული იყვნენ, საბჭოური სამხედრო დოგმები დაემსხვრიათ. თავის სამაგისტრო ნაშრომში, ზალუჟნიმ აშშ-ს სამხედრო სტრუქტურა გაანალიზა. აცნობიერებდა რა, რომ უკრაინის ჯარი საბჭოურ თარგზე იყო მოჭრილი, რაც გადაწყვეტილებების მოუქნელად, ცენტრალიზებულად მიღებას ითვალისწინებდა, ზალუჟნიმ აშშ-სა და ნატო-ს მოდელით შთაგონებული ცვლილებების გატარება წამოიწყო.

მან მეთაურობისკენ გზა ოცეულის მეთაურობიდან გაიკვალა. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ის უკვე ქვეყნის აღმოსავლეთ ფრონტს ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან ახალგაზრდა ოფიცრების ხელშეწყობა და  მათი მოქნილობის წახალისება დაიწყო, საველე მეთაურებს მისცა ველზე გადაწყვეტილებების თავად მიღების უფლება.

რუსული ჯარისგან განსხვავებით, სერჟანტები „განტევების ვაცები“ კი არ უნდა იყვნენ, სწორედ მათგან უნდა გამოვზარდოთ ახალი სამხედრო ტალანტებიო – იძახდა ზალუჟნი 2020 წელს მიცემულ ინტერვიუში, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „უკან, 2013 წლის მოდელის ჯარისკენ დაბრუნება აღარ იქნებაო,“ თქვა მან იმავე ინტერვიუში.

ამავე დროს, ზალუჟნი ღრმა პატივისცემით ეკიდება რუსი კოლეგების სამხედრო ინსტიტუტებს. თავის კაბინეტში გენერალ ვალერი გერასიმოვის, მასზე 17 წლით უფროსი რუსეთის გენშტაბის მოქმედი უფროსის ნაშრომების სრული კრებული აქვს.

„მე რუსულ სამხედრო დოქტრინაზე გავიზარდე და დღესაც ვფიქრობ, რომ ომის მთელი მეცნიერება რუსეთშია თავმოყრილი. მე გერასიმოვისგან ვისწავლე. ყველაფერი წამიკითხავს, რაც მას ოდესმე დაუწერია… ის უჭკვიანესი კაცია და მის მიმართ ჩემი მოლოდინებიც უდიდესი იყო,“ – ასე ეხმიანება ზალუჟნი რუს კოლეგასა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.


როცა ზელენსკიმ პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა, ომი უკვე მეხუთე წელს მოითვლიდა, ზალუჟნი კი საფრონტო მეთაური გახლდათ. სწორედ მას ერგო მოვალეობა, ახალი პრეზიდენტისთვის სამხედრო ვითარებაც გაეცნო და სამეთაურო სტრუქტურაც. ზალუჟნიმ მშვენივრად იცოდა, რომ ზელენსკის არ ჰქონდა სამხედრო განათლება და არასდროს უცდია მასთან ბრძოლის ტაქტიკურ დეტალებზე საუბარი. პრეზიდენტს  მუშაობისთვის „როგორც ექიმის და ხიდის მშენებლის საქმის ცოდნა არ სჭირდება, ისევე არ სჭირდება სამხედრო საქმის დეტალური გაგებაცო,“ – ამბობს ზალუჟნი.

პრეზიდენტი ზელენსკი დნეპროპეტროვსკში, ფრონტის ხაზზე ესაუბრება მათაურებს. ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის გვერდი.

მისდა გასაკვირად, ზელენსკი ასეთ ხედვას დაეთანხმა. ოლექსი მელნიკი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამბობს, „ეს პრეზიდენტი ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე აღმოჩნდა“ – მან საშუალება მისცა გენერლებს თავისი საქმისათვის მიეხედათ „სამხედრო საკითხებში [პრეზიდენტის] პირდაპირი ჩარევის გარეშე.“

ერთხელ, 2020 წელს, ზალუჟნი თურმე მნიშვნელოვან სამხედრო სწავლებებს ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტი ზელენსკი წვრთნებს სამეთვალყურეო პუნქტიდან ადევნებდა თვალს. ამ სწავლებების ერთი ნაწილი ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინების“ გამოცდა იყო, მაგრამ სისტემამ რატომღაც არ გაისროლა. ექსპერტები ტელევიზიებს მოედვნენ და ცუდი ნიშანია უკრაინის ჯარებისთვისო, ამბობდნენ. ზალუჟნი იხსენებს, მეგონა პრეზიდენტის ოფისში „გაფუჭებულ ჯაველინებიანი ხელმოცარულის სახელი“ დამივარდებოდაო.

თუმცა, ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ ძველი თაობის თავიდან მოშორება და ახალი სისხლით მმართველობის შევსება გადაწყვეტილი ამბავი იყო. ისიც ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტი იმ ლიდერების  წინსვლას უწყობდა ხელს, ვისაც თვითონ კარგად შეეწყობოდა და ამ საქმეში რანგებს სულაც არ აქცევდა ყურადღებას. ამიტომაც, 2021 წლის ივლისში, როდესაც რუსული ტანკები უკრაინის საზღვრებს მიადგნენ  და ამერიკელებმა უკრაინა სრულმასშტაბიანი აგრესიის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, პრეზიდენტმა თავდაცვა სწორედ ზალუჟნის ჩააბარა. „მე პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, ზალუჟნი პროფესიონალი და ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება თავად მიიღო“ – იხსენებს ანდრიი ერმაკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

ზელენსკისგან განსხვავებით, რომელიც აშშ-ს სადაზვერვო ცნობებს სრულმასშტაბიანი ომის შესახებ სკეპტიკურად ეკიდებოდა, ზალუჟნი იმ ოფიცერთა შორის იყო, ვისაც სწამდა, რომ რუსების შემოჭრა მხოლოდ დროის ამბავი იყო. დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში, მან ძირეული ცვლილებები განახორციელა. ოფიცრებს სრული უფლება მიეცათ, თავდასხმის შემთხვევაში, „ყველა ხელმისაწვდომი იარაღით“ ეპასუხათ აგრესიისთვის ისე, რომ არ დალოდებოდნენ ზემდგომების ბრძანებებს. „საჭირო იყო რუსებისთვის თავდასხმის ჟინი წაგვერთმია,“ – იხსენებს ზალუჟნი „და ეშვებიც გვეჩვენებინა.“  

თებერვლიდან მოყოლებული, დაძაბულობა იზრდებოდა. ზალუჟნიმ მსხვლმასშტაბიანი სამხედრო სწავლება წამოიწყო, რომელშიც ათასობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო. სწავლებისას რუსეთის თავდასხმა გაითამაშეს, რათა საკუთარ თავდაცვაში ხარვეზები მოეძიებინათ. წვრთნა დიდი იმედგაცრუებით დამთავრდა.  

ზალუჟნის ვარაუდობდა, რომ ამ სწავლებას საკვანძო ადგილი ექნებოდა უკრაინის თავდაცვის სტრატეგიის დახვეწაში და, ამდენად, მისი წარმატებით ჩათავება უკრაინის გადარჩენის წინაპირობა იყო. ოღონდაც, ჩანს, უკრაინელი მეთაურები საფრთხეს ჯერ სერიოზულად არ აღიქვამდნენ. „სრული ერთი საათი ვყვიროდი,“ იხსენებს ზალუჟნი, „მთლიანად დავკარგე ჩემს თავზე კონტროლი“. მაგიდის გარშემო უფროსი ოფიცრები ისხდნენ, ბევრი მათგანი, ზალუჟნიზე ასაკითაც ბევრად უფროსი, გენერალს კი ბრაზიანი ადამიანის სახელი სულაც არ ჰქონდა. „ვუხსნიდი, თუ დასახულ ამოცანას თავს ვერ გაართმევთ, მარტო სიცოცხლეს კიარა, სამშობლოსაც დაკარგავთ-თქო,“ – იხსენებს ზალუჟნი.

ამ გვარიანი შეჯანჯღარების შემდეგ, გენერლებმა სამზადისი გააცხოველეს. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ბაზებიდან გამოიყვანეს და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტყე-ღრეში გაფანტეს.  ასე გადამალეს თვითმფრინავები, ტანკები, ჯავშანმანქანები და ჰაერსაწინააღმდეგო ბატარეებიც, რომლებიც სულ მალე უკრაინას ცაზე კონტროლის შესანარჩუნებლად გამოადგათ.

„ომის სუნი არაფერში შეგეშლებათ,“ ამბობს ზალუჟნი – და „ეს სუნი უკვე ჰაერში ტრიალებდა“.  სამზადისი სამზადისად, მაგრამ სამხედრო სტრატეგიას ზალუჟნი ჯერ არ ამჟღავნებდა. „მეშინოდა, რომ  მოულოდნელობის ეფექტს ხელიდან გავუშვებდით. მოწინააღმდეგეს უნდა ეფიქრა, რომ ჩვენ ბაზებზე ვართ, სიგარეტს ვქაჩავთ, ტელევიზორს ვუყურებთ და ფეისბუქზე ვპოსტავთ,“ – ასე იხსენებს გენერალი ომისწინა დღეებს.


24 თებერვალს, როდესაც რუსების შემოჭრა დაიწყო, გენერალს ორი სტრატეგიული მიზანი ჰქონდა. „ჩვენ არ უნდა დაგვეშვა კიევის დაცემა და ყველა სხვა მიმართულებებზე მაქსიმალურად უნდა დაგვეცალა მოწინააღმდეგე სისხლისგან, ზოგან ტერიტორიების დათმობის ფასადაც კი“ – ამბობს ზალუჟნი.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რუსებისთვის უნდა მიეცათ სიღრმეში შემოსვლის საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ გაენადგურებინათ მათი კოლონები წინა ხაზზე და მომარაგების ხაზები ზურგში. შემოჭრის მეექვსე დღეს გენერალმა დაასკვნა, რომ მისი გეგმა მუშაობდა. რუსებმა ვერ მოახერხეს კიევის ირგვლივ მდებარე აეროპორტების აღება და საკმარისად ღრმად შემოიჭრნენ ქვეყანაში იმისათვის, რათა მათი მომარაგების ხაზები გაწელილიყო და მოშიშვლებულიყო.

განადგურებული რუსული კოლონა კიივის მისადგომებთან. ფოტო: HRW

მილი, ზალუჟნის ამერიკელი კოლეგა, განცვიფრებული იყო უკრაინელების წარმატებული წინააღმდეგობით. მან ზალუჟნის ჰკითხა, უსაფრთხო ადგილას გადასვლას ხომ არ აპირებდა. „ვუთხარი, არ მესმის რას მეუბნები-მეთქი,“ იხსენებს ზალუჟნი „ჩემთვის ომი 2014 წელს დაიწყო… არც მაშინ გავქცეულვარ და არც ახლა ვაპირებ სადმე გაქცევას.“  

რუსული მხარის მძიმე შეცდომები ზალუჟნისაც უკვირდა. როდესაც ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ, ანდა მომარაგების ხაზებს დაკარგავდნენ, რუსები უკან არ იხევდნენ და არც ტაქტიკას ცვლიდნენ. „საკუთარი ჯარისკაცები უბრალოდ სასაკლაოზე გარეკეს. სწორედ ის ტაქტიკა აირჩიეს, რაც მე ყველაზე მეტად მაწყობდა,“ – ამბობს ზალუჟნი.

ამასობაში, მართალია, აშშ და სხვა მოკავშირეები უკრაინას მილიარდობით აშშ დოლარის შეიარაღებას აწვდიდნენ, მაგრამ ფრონტის ხაზიდან ცუდი ამბების ნაკადი მოდიოდა. რუსეთმა დაბომბვით მიწასთან გაასწორა სტრატეგიული საპორტო ქალაქი მარიუპოლი, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეც დაიღუპა. მაისში დაეცა აზოვსტალის ფოლადის ქარხანაც, რომელსაც რამდენიმე ასეული მებრძოლი გმირულად იცავდა. იმ უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებში, საიდანაც რუსები გარეკეს, მოკლულების სამარხები აღმოაჩინეს. მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინელებს გამარჯვებისა სჯეროდათ. „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ,“ ეუბნებოდა „თაიმს“ ზალუჟნი ივნისში.

გავიდა რამდენიმე კვირა და უკრაინამ სამხედრო ანალიტიკოსებისთვის ცოტა არ იყოს, უცნაურად დაიწყო მოქცევა.

უკრაინის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა მოულოდნელად, საჯაროდ დაიწყეს საუბარი სამხრეთ ტერიტორიების გასათავისუფლებლად მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის სამზადისზე. თავდასხმის მოლოდინში, რუსებმაც თავიანთი ძალები, მათ შორის ელიტური შენაერთებიც, სამხრეთში გადაისროლეს, პოზიციების გასაძლიერებლად. 29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადეს, ახლა კი დავიწყეთ ხერსონზე შეტევაო.

არადა, იყო სხვა სიგნალებიც. „ჩვენ ომი მხოლოდ სამხრეთში არ გვაქვს, ფრონტის ხაზი 2500 კილომეტრზეა გადაჭიმული,“ – ორაზროვნად მიანიშებდა ჩვენთან საუბარში უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ოლექსეი დანილოვი ჯერ კიდევ 1 სექტემბერს. მაშინ ჯერ ბევრი ექსპერტი ეჭვობდა, რომ უკრაინა ორზე კიარა, ერთ ფრონტზე მაინც შეძლებდა კონტრშეტევას. 

ცდებოდნენ – ხუთი დღის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელი შეტევა წამოიწყეს ჩრდილო-აღმოსავლეთის მომართულებით. რუსები სახტად დარჩნენ. ბევრმა რუსულმა ქვედანაყოფმა უწესრიგოდ უკან დაიხია, მიატოვა რა იარაღი და აღჭურვილობა. ადგილობრივები ამბობენ, რუსების უკანდახევა იმდენად ნაჩქარევი იყო, რომ ჯარისკაცები თავის გადარჩენას მოსახლეობისგან მოპარული ველოსიპედებითა და მანქანებით ცდილობდნენო. 

ექვს დღეში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძები, რომლებიც რუსული სამხედრო ძალების მოსამარაგებლად გამოიყენებოდა. „ჩემს თავს სულ ვეუბნები, მოლოდინებში ფრთხილად იყავი, მერე გულგაცრუებამ რომ არ დაგძლიოს-თქო, მაგრამ ზოგიერთი გარღვევა მართლაც დაგეგმილზე უფრო სწრაფად მოხდა,“ – გვეუბნება რეზნიკოვი.

უკრაინელი სამხედროები ხარკოვის მიდამოებში, იმპროვიზებული ტრანსპორტით. ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

დასავლური სადაზვერვო ინფორმაცია და იარაღი ამ წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იყო. „მოკავშირეები გვაწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობის, მათი მარაგების და ცოცხალი ძალის რაოდენობაზე. სწორედ ამას მოჰვებოდა ჩვენი დარტყმები,“ – გვეუბნება რეზნიკოვი. მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), რომელიც უკრაინულ მხარეს პენტაგონმა გადასცა შესაძლებლობას აძლევდა უკრაინას, რუსეთის ტყვია-წამლის, საწვავის საწყობები და სამეთაურო პუნქტები ფეხოსანთა შეტევამდე გაენადგურებინა. ამავე დროს, უფრო მანევრულმა ტრანსპორტმა, ამერიკულმა ჰამერებმა, სატვირთო მანქანებმა და ტანკებმა ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან, უკრაინას შეაძლებინა, სწრაფი მანევრით დაეჯაბნა რუსული მხარე.

„უკრაინელებმა ტაქტიკური დონის ოპერაციები მოწინააღმდეგეზე ბევრად უკეთესად ჩაატარეს. ისინი გაცილებით უფრო დისციპლინირებულები იყვნენ,“ – ამბობს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ანალიტიკოსი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის მიმართულების დირექტორი, ჯეფრი ედმონდსი.    

უკრაინელები ამბობენ, რომ ამ წარმატებაში ასევე გადამწყვეტი იყო მოწინააღმდეგეზე უფრო მოქნილი სამხედრო-სამეთაურო სტრუქტურა, რამაც მათ საშუალება მისცათ, რუსული ჯარების კოლაფსით კარგად ესარგებლათ. „უკრაინის ჯარს გადაწყვეტილებების ყველა დონეზე მიღების თავისუფლება აქვს. რუსებისგან განსხვავებით, ისინი სწრაფად ირჯებიან,“ – აღნიშნავს რეზნიკოვი და უმატებს, რომ ბრძოლის ველზე ასეთი მოქმედება ნატოს სტანდარტებს შეესაბამება.


ღესაც, უკრაინელი ოფიციალური პირები ცდილობენ ისე ისაუბრონ წარმატებებზე, რომ არავისი წვლილი დააკნინონ. „ეს არაა ერთი ‘ვარსკვლავის’ მიღწევა, ეს ჩვენი სამხედრო ელიტის თანავარსკვლავედის დამსახურებააო“ – ამბობს რეზნიკოვი და ქვეითი, საჰაერო, საზღვაო თუ სამედიცინო სამხედრო ოფიცრების ვრცელ სიას ასახელებს.

ჭორები დადის – ზელენსკისა და მის უმაღლეს სარდლობას შორის  ურთიერთობები დაიძაბაო. ზელენსკის ოფისი ამას უარყოფს. ოლექსი არესტოვიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი და უკრაინის უშიშროების სამსახურის ვეტერანი ამბობს „ზალუჟნისგან ე.წ. კონფლიქტის თემა თავიდან ბოლომდე ჩვენი ოპონენტების გამოგონილია.“ „ერთი მხრივ, ეს აშკარა მონაჩმახია, მეორეს მხრივ, მტკივნეული საინფორმაციო დარტყმაა, იმიტომ, რომ უმაღლეს მთავარსარდალსა და სამხედრო მეთაურს შორის კონფლიქტის გაღვივებაზე კატასტროფული არაფერია,“ – ამბობს არესტოვიჩი.

ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინელი ლიდერები თვლიან, რომ ბოლოდროინდელმა სამხედრო წარმატებებმა მათ მხოლოდ დრო მოაგებინა. დანილოვმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ეს მშვენივრად უწყის, – „რუსეთი ყველა ფსონს ამ ომზე ჩამოვიდა, პუტინი ვერ დათანხმდება წაგებას,“ ამბობს ის.

სამხრეთის მიმართულებთ უკრაინის სამხედრო ოპერაცია ნელა მიიწევს წინ. ზამთარი ახლოვდება და კიივმა ძალები უნდა გამოიზოგოს. მოსალოდნელმა ენერგეტიკულმა კრიზისმა ევროპაში შესაძლოა დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერაც შეამციროს, თუმცა რუსეთის წილი ევროპისათვის გაზის მიწოდებაში უკვე 40%-დან 9%-მდე დაეცა.

თავის მხრივ, ზალუჟნი ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლისთვის ემზადება. „მე მშვენივრად ვიცნობ რუსებს და გარწმუნებთ, რომ საბოლოო გამარჯვებაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია,“ გვეუბნება გენერალი. „ჩვენი გამარჯვება მხოლოდ იმის საშუალებას მოგვცემს, სული მოვითქვათ და მოვემზადოთ შემდეგი ომისათვის.“

პირველწყარო
Inside the Ukrainian Counterstrike That Turned the Tide of the War
Back to top button