ახალი ამბები

აფხაზეთის „პარლამენტის თავმჯდომარე“ აცხადებს, რომ ეთნიკურობის შესახებ კანონი ძალაშია 

გალის რაიონის მკვიდრ ქართველებზე გათვლილი აფხაზური ეთნიკურობის აღდგენის შესახებ სადავო „კანონის“ ბედი უცნობი რჩება მას შემდეგ, რაც „პარლამენტის თავმჯდომარემ“, ვალერი კვარჩიამ განაცხადა, რომ ის ძალაში რჩება.

კვარჩიას მტკიცებით, „დეპუტატებმა“ „პარლამენტის რეგლამენტი“ დაარღვიეს, როდესაც 22 მარტის რიგგარეშე სხდომაზე, კანონი მიღებიდან მეორე დღეს, ნაჩქარევად გააუქმეს.

კვარჩიამ რიგი დარღვევები ჩამოთვალა და მათ შორის აღნიშნა, რომ დეპუტატებმა არ წარადგინეს წერილობითი და ხელმოწერილი განაცხადი, რაც რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლადაა საჭირო.

მისივე თქმით, ვინაიდან იგი სხდომას არ ესწრებოდა, „სპიკერის“ ქცევის განმსაზღვრელი წესები და შიდა განაწესი დაირღვა.

კვარჩიამ ასევე განაცხადა, რომ მისმა მოადგილემ, მიხაილ სანგულიამ კანონი დაარღვია, როდესაც სხდომას გაუძღვა. კვარჩიას თქმით, მას სანგულიასთვის ასეთი უფლებამოსილება არ მიუცია.

„მე არავისთვის არაფერი დამივალებია და არც ვიცოდი, რომ სხდომა ჩატარდებოდა“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ კვარჩიას სიტყვებზე დაყრდნობით.

ახალი „კანონი“ საშუალებას მისცემს გალის რაიონის მკვიდრ, დაახლოებით, 30 000 ეთნიკურ ქართველს, რომ „აფხაზური ეთნიკურობა აღიდგინონ“ და აფხაზური „პასპორტები“ მიიღონ.

ასლან ბჟანიას წინამორბედის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ 2014 და 2017 წლებში მათ აფხაზეთის „მოქალაქეობა“ ჩამოართვა და პოლიტიკური უფლებები წაართვა.

გაურკვეველი ბედი 

მართალია კვარჩიამ განაცხადა, რომ სადავო „კანონი“ ძალაში რჩება, მისი ბედი გაურკვეველია, ვინაიდან აფხაზეთის ლიდერმა ან ხელი უნდა მოაწეროს მას, ან „საკანონმდებლო ორგანოს“ დაუბრუნოს.

ბჟანიას მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება.

ბჟანიას ადმინისტრაციამ, მათ შორის, „პრემიერმინისტრმა“, ალექსანდრ ანქვაბმა და გალის ადმინისტრაციის უფროსმა კონსტანტინ ფილიამ რანდენჯერმე გამოხატეს მხარდაჭერა გალის მკვიდრი ქართველებისთვის „პასპორტების“ გაცემის მიმართ.

თუმცა, ხისტი მიდგომების მომხრე ძალები, მათ შორის, ომის ვეტერანთა გავლენიანი ჯგუფი „არუაა“ კატეგორიულად ეწინააღმეგებიან გალის მოსახლეობისთვის „პასპორტების“ გაცემას.

მათ მოქმედ „პრემიერმინისტრს“, ალექსანდრ ანქვაბს შეახსენეს, რომ ქართველებისთვის „აფხაზური პასპორტების“ გაცემას 2014 წელს მისი „პრეზიდენტის“ პოსტიდან გადაყენება მოჰყვა.

მოვლენების ქრონოლოგია 

ვალერი კვარჩიამ საკანონმდებლო ცვლილებები 2021 წლის მარტში წარადგინა. იმავე თვეში პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „კანონპროექტი“ თითქმის ერთი წელი შეჩერებული იყო.

სრულიად მოულოდნელად, წინა მოწვევის „პარლამენტმა“ 2022 წლის 21 მარტს „კანონპროექტი“ მეორე და მესამე მოსმენებით დაჩქარებული წესით მიიღო, რასაც სერიოზული პროტესტი და „არუაას“ მიერ 23 მარტის აქციის დაანონსება მოჰყვა.

მოგვიანებით, ვეტერანებმა აქცია მას შემდეგ გააუქმეს, რაც „არუაას“ წევრმა და გალის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ „დეპუტატებმა“ ბოდიში მოიხადეს და 22 მარტის რიგგარეშე სხდომაზე „კანონი“ უკან გაიწვიეს.

ოპოზიციური დაჯგუფებები, მათ შორის, „არუაა“, შიშობენ, რომ გალის რაიონის 30 000 ეთნიკურად ქართველისთვის „აფხაზური პასპორტების“ მიცემა, მეოთხედ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე რეგიონში აფხაზურ ეთნოკრატიას ძირს გამოუთხრის.

გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები აფხაზეთში 1990-იან წლების ბოლოს, რამდენიმეწლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button