ახალი ამბები

„აფხაზური ეთნიკურობის აღდგენის“ შესახებ კანონი ერთ დღეში გააუქმეს

აფხაზი „დეპუტატები“, როგორც ჩანს, იძულებული გახადეს გაეუქმებინათ ერთი დღით ადრე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გალის რაიონის მკვიდრ ქართველებს „აფხაზური ეთნიკურობის აღდგენისა“ და მოქალაქეობის მიღების საშუალება მიეცემოდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზმა „დეპუტატებმა“ 22 მარტს კანონის გასაუქმებლად რიგგარეშე სხდომა ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ზეწოლის შემდეგ გამართეს.  „არუაას“ მომდევნო დღეს კანონის მიღების წინააღმდეგ აქცია ჰქონდა დაგეგმილი.

„არუაას“ წევრისა და გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, თემურ ნადარაიას თქმით, ზოგიერთმა დეპუტატმა არ იცოდა, რომ 21 მარტს მიღებული ცვლილებებით გალელი ქართველები „ავტომატურად“ მიიღებდნენ მოქალაქეობას, თუკი ისინი ეთნიკურად აფხაზებად ჩაეწერებოდნენ.

ნადარაიამ აღნიშნა, რომ „დეპუტატებმა“ ბოდიში მოიხადეს, უკვე მიღებული კანონი განმეორებითი მესამე მოსმენისთვის გაიწვიეს და ჩააგდეს. მისი მტკიცებით, იგი სხდომას თავადაც ესწრებოდა.

ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ ნადარაიას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვეტერანები „პარლამენტისა“ და აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას სახელზე მიმართვასაც ამზადებენ, რათა „მორატორიუმი დაწესდეს გალის რაიონში მასობრივ პასპორტიზაციაზე, სანამ ინტეგრაციული პროცესები დასრულდება“.

კანონის უცნაურ ვითარებაში გაუქმება

ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, რამდენად პასუხობდა ოკუპირებული რეგიონის საკანონმდებლო ჩარჩოს „სამოქალაქო კოდექსსა“ და სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ კანონში“ შეტანილი უდღეური ცვლილებების გაუქმება 22 მარტის სხდომაზე.

ოპოზიციურმა მედიასაშუალება „ნუჟნაია გაზეტამ“ ცვლილებების გაუქმების თაობაზე პარლამენტის 22 მარტის განკარგულება გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს ვიცე-სპიკერი, მიხაილ სანგულია აწერს.

ცვლილებების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად განკარგულებაში „პარლამენტის“ რეგლამენტის 103-ე მუხლია მოყვანილი. თუმცა, ხსენებული მუხლი იმ „კანონპროექტებს“ არეგულირებს, რომელთაც მეორე მოსმენა გაიარეს, მაშინ როდესაც ზემოაღნიშნული ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით იქნა მიღებული.

ასევე უცნობია, რამდენმა „დეპუტატმა“ დაუჭირა მხარი 22 მარტს საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, თუკი კენჭისყრა საერთოდაც შედგა.

გალის საკითხი 

გალის რაიონში, დაახლოებით, 30 000 ეთნიკურ ქართველი ცხოვრობს, რომლებიც აფხაზეთში 1990-იან წლების ბოლოს, რამდენიმეწლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდნენ.

ასლან ბჟანიას წინამორბედის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ 2014 და 2017 წლებში მათ აფხაზეთის „მოქალაქეობა“ ჩამოართვა და პოლიტიკური უფლებები წაართვა.

ბოლო წლებში, აფხაზეთში შედარებით ხისტი მიდგომების მომხრე ძალები კატეგორიულად ეწინააღმეგებიან გალის მკვიდრთათვის აფხაზური პასპორტების გაცემას. 2020 წელს „არუაამ“ მკაცრად გააკრიტიკა ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია პასპორტიზაციის მხარდამჭერი განცხადებების გამო.

მათ მოქმედ „პრემიერმინისტრს“, ალექსანდრ ანქვაბს შეახსენეს, რომ ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემას 2014 წელს მისი „პრეზიდენტის“ პოსტიდან გადაყენება მოჰყვა.

ოპოზიციური დაჯგუფებები, მათ შორის, „არუაა“, შიშობენ, რომ გალის რაიონის 30 000 ეთნიკურად ქართველისთვის აფხაზური პასპორტების მიცემა, მეოთხედ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე რეგიონში აფხაზურ ეთნოკრატიას ძირს გამოუთხრის.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლავაც დევნილობაში რჩება აფხაზეთის სხვა რაიონებიდან გამოდევნილი 260 000-ზე მეტი ქართველი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button