ახალი ამბები

პუტინმა ცხინვალთან ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმება რატიფიკაციაზე წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას ცხინვალთან შეთანხმება წარუდგინა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ 14 მარტს გაავრცელა.

შეთანხმებას, რომელსაც საქართველო რუსეთის მიერ „უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად“ მიიჩნევს, ხელი 2021 წელს მოაწერეს.

შეთანხმება საშუალებას აძლევს ერთი მხარის მოქალაქეებს, რომ მეორე მხარის მოქალაქეობა საკუთარზე უარის თქმის გარეშე მიიღონ.

„ტასის“ ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, ცხინვალის რეგიონის 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე შეიტანონ განცხადება, ხოლო 14 წლამდე ბავშვები იმავე მოქალაქეობას მიიღებენ, რაც მათ მშობლებს ექნებათ. სანამ ბავშვი 18 წლის ასაკს მიაღწევს, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათი მოქალაქეობა წერილობითი განაცხადით აირჩიონ.

შეთანხმება საშუალებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უფლებით ისარგებლონ, თავიანთი მუდმივი საცხოვრებლის კანონმდებლობის შესაბამისად. იგივე ნორმა სამხედრო სამსახურზეც ვრცელდება.

შეთანხმება სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ შევა ძალაში და ხუთი წლის ვადით იმოქმედებს.

შეთანხმება იმავე პერიოდით ავტომატურად განახლდება, სანამ რომელიმე მხარე მისი შეწყვეტის შესახებ წინასწარ წერილობით არ განაცხადებს. შეთანხმების შეწყვეტას რომელიმე მხარის მოქალაქეობის გაუქმება არ მოჰყვება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button