skip to content
ახალი ამბები

ანატოლი ბიბილოვი ოსების გაერთიანებაზე საუბრობს 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 6 თებერვალს რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია-24-თან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „გაყოფილი“ ოსი ხალხის გაერთიანება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა.

ბიბილოვმა სამხრეთელ და ჩრდილოელ ოსებს „საერთო ტრადიციების, ადათ-წესებისა და ენის“ მქონე ერთი ხალხი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთში ინტეგრაცია არა მისი „კაპრიზი“, არამედ „გასული საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი ხალხის ნებაა“.

ბიბილოვის ინტერვიუ წინ უძღვის ოკუპირებულ რეგიონში აპრილში დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომელშიც ბიბილოვი ხელახლა კენჭისყრას აპირებს.

ბიბილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ცხინვალი მისი პროგრამის – „ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ“ – ფარგლებში მოქმედებს, რომელიც საბოლოოდ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს. ამ კონტექსტში, მან საჯარო მოხელეებისა და სამხედროებისთვის ხელფასების ზრდაზე, ასევე საბაჟო სამსახურში რეფორმების გატარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ინტერვიუში ბიბილოვმა განაცხადა, რომ 1917 წელს რეგიონს რუსეთის იმპერია ნებაყოფლობით არ დაუტოვებია და რომ 90-იან წლებში, სამხრეთელი ოსების დიდმა უმრავლესობამ ჯერ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირში დარჩენას, შემდეგ კი – 1992 წელს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში 1992 წელს გამართული რეფერენდუმი უცნაური შედეგებით დასრულდა. ოსებმა ერთდროულად დამოუკიდებლობასაც მისცეს ხმა და რუსეთთან შეერთებასაც. რეგიონის ეთნიკურად ქართულმა მოსახლეობამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ კი – რეფერენდუმის შედეგები არ აღიარა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შედეგად რუსეთის იმპერიის დაშლის მომენტში ტერიტორიას, რომელიც ახლა სამხრეთ ოსეთის სახელითაა ცნობილი, არავითარი ადმინისტრაციული ოლქის სტატუსი არ ჰქონია.

1920 წლის მაისში, როდესაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ცნო, მოსკოვმა აფხაზეთი და მერმინდელი ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებად აღიარა. სამხრეთ ოსეთი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული 1922 წელს გაჩნდა, როდესაც 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის კვალდაკვალ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში.

საქართველოს შესახებ საუბრისას, ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა განაცხადა, რომ ცხინვალს „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სურს“, მაგრამ „საჭიროა, რომ ურთიერთქმედება მოხდეს თანასწორ უფლებებზე – არის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და არის საქართველო“.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისთან ურთიერთობები „რთული რჩება“, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება არ აწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რომელიც, ბიბილოვის თქმით, „კეთილმეზობლური ურთიერთობების გარანტიაა“.

ოკუპირებული რეგიონის სტატისტიკის თანახმად, რომელიც ბევრ ექსპერტს გაზვიადებული ეჩვენება, ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 48 000 ოსი ცხოვრობს. ოსების დიდი უმრავლესობა – 460 000 მოსახლე, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთში – ალანიაში ცხოვრობს.

ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილის თვალთახედვით, ოსი ეთნოსის ისტორიული, ძირძველი სამშობლო დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაა და ოსთა თვითგამორკვევა, თუკი ასეთი უნდა მოხდეს, სწორედ ჩრდილოეთ ოსეთში უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცხინვალის რეგიონში 1991-92 წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რეგიონი დაახლოებით 30 000 ეთნიკურმა ქართველმა იძულებით დატოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button