skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება 2008 წლის ომის გამოძიებაზე ICC-ის გადაწყვეტილების შესახებ

რუსეთი „იმედგაცრუებულია“  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით, რომელმაც ICC-ს პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანხმობა მისცა მას 2008 წლის ომის გამოძიების თაობაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცა რუსეთის სისხლის სამართლის საქმის 30 ტომზე მეტი იმ დანაშაულების დასამტკიცებლად, რომლებიც ჩადენილი იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხერთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 29 იანვარს.

„თუმცა ICC-ის პროკურორი ბრალს დებს სამხრეთ ოსებს და გარდა ამისა, რუს სამხედრო მოსამსახურეებს და, ფაქტიურად, აგრესორის მხარეს მოქმედებს, იწყებს გამოძიებას თავდასხმის მსხვერპლთა მიმართ. ძნელი იქნება იმის თქმა, რომ ასეთი ქმედებები მართლმსაჯულების იდეალებს ემსახურება“,  – განაცხადა მან.

„რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც [პროკურორ] ფატუ ბენსუდას პოზიციას დაუჭირა მხარი“ – აღნიშნა ზახაროვამ.

„ჩვენი ქვეყანა იმედოვნებდა, რომ ICC  საერთაშორისო ურთიერთობებში სამართლისა და სტაბილურობის უზენაესობის განმტკიცების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდებოდა. მაგრამ, ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამასთან დაკავშირებით და ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება პრინციპულად განიხილოს საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ურთიერთობის შესახებ“, – განაცხადა მან.

ჰააგაში განთავსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ 27 იანვარს დააკმაყოფილა ICC-ის პროკურორის ფატუ ბენსუდას განაცხადი სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყების თაობაზე, რომლებიც შესაძლოა ჩადენილი იქნა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინ, მისი მსვლელობისას და ომის დასრულების შემდეგ.

გამოძიების დაწყების თაობაზე თავის თხოვნაში, რომელიც 2015 წლის  ოქტომბერში იქნა წარდგენილი, პროკურორი ბენსუდა შემდეგ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ" დანაშაულებზე მიუთითებდა:

  • „ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთ ოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით)“;
  • „მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე – ქართული ძალების მიერ“.

თბილისი მიესალმა ICC–ის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თაობაზე და განაცხადა, რომ "აქტიურ თანმშრომლობას" გააგრძელებს ICC–ის პროკურორთან. 
 
საქართველო, როგორც რომის სტატუტს მიერთებული ქვეყანა, ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს ICC-თან – ეს არ შეეხება რუსეთს, რადგანაც ის ICC–ის წევრი არ არის.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button