Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება 

ქართული დელეგაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 18-20 თებერვალს მიუნხენის კონფერენციას ესწრება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.

კონფერენციის ფარგლებში, დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ უცხოელ კოლეგებსა და ბიზნესლიდერებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 19 თებერვალს პრემიერი ღარიბაშვილი ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მიმართულებით არსებული პოტენციალი განიხილა. პრემიერმა საქართველოს ევრო-ატლატიკური ინტეგრაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შავი ზღვის უსაფრთხოების როლსაც გაუსვეს ხაზი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 18 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილი  ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა და მასთან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მთლიანად რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც გაამახვილეს ყურადღება.

ასევე 18 თებერვალს, პრემიერი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისა და საქართველოს არსებულ „ხელსაყრელ“ ბიზნესგარემოზე იმსჯელა.

ორი დღის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუხს, Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯარედ კოენს და კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს.

თავის მხრივ, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იორდნიელ და ინდოელ კოლეგებს – აიმან ჰუსეინ აბდულა ალ-საფადისა და სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა იორდანიელ კოლეგასთან ვაჭრობის, ტურიზმისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობაზე იმსჯელა.

ინდოელ კოლეგასთან შეხვედრაზე, დიპლომატებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, ასევე არსებული სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 19 თებერვალს კანადელ კოლეგას, ანიტა ანანდს შეხვდა და მასთან უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ნატოსთან თავსებადობის ზრდის კუთხით საქართველოს ძალისხმევა განიხილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button