ახალი ამბები

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო წვრთნები ჩაატარა 

სამხრეთის სამხედრო ოლქში სამკვირიანი წვრთნების ფარგლებში, დღეს რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაქტიკური წვრთნების დროს, სამხედროებმა ცხინვალში საავადმყოფოს ხელში ჩაგდების მცდელობის დროს „პირობითი დივერსანტები“ გაანადგურეს.

კიდევ ერთი სწავლების დროს, სამხედრო შენაერთებმა უპილოტო საფრენი აპარატის „გრანატ 1“-ის გამოყენებით პირობითი მტრის სამხედრო ტექნიკა და სიმაგრეები დაზვერეს და ისინი თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკას“ და გრადის ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით გაანადგურეს.

ეს ბოლო სწავლება „ძარწემის პოლიგონზე“ გაიმართა. სოფელი ძარწემი, რომელიც ეთნიკურად ქართველებით იყო დასახლებული, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მთლიანად განადგურდა.

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსპიკერმა, ვადიმ ასტაფიევმა 8 თებერვალს რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ოლქში 30-ზე მეტი სამხედრო სწავლება დაიწყო.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ცხინვალის რეგიონის გარდა, მომდევნო სამ კვირაში რუსეთი სამხედრო წვრთნებს საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში – აფხაზეთში, ასევე ვოლგოგრადის ოლქში, სტავროპოლის მხარეში, ადიღეაში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთში ჩაატარებს.

„რია ნოვოსტის“ თქმით, თითოეულ სწავლებაში, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის 15 პოლიგონზე გაიმართება, 400 სამხედრო და დაახლოებით 80 ერთეული სამხედრო და სპეციალური ტექნიკა იქნება ჩართული.

რუსეთის სამხედრო წვრთნები დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და ნატოს არგაფართოების თაობაზე მოსკოვის მოთხოვნის გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე იმართება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა და ამჟამად იქ ორი ბაზა ჰყავს განთავსებული. მე-7 (აფხაზეთში) და მე-4 (ცხინვალში) სამხედრო ბაზები სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედიან.

თბილისს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარებისა და მისი შეიარაღებული ძალების მობილიზაციის გამო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button