ახალი ამბები

რუსეთმა ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 13 სექტემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედროებმა რეგიონში რუსეთის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ტაქტიკურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.

წვრთნებში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაახლოებით 1 200 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და მისი სცენარის მიხედვით, სამხედროებმა მოწინააღმდეგის ტაქტიკური საჰაერო დესანტის თავდასხმა მოიგერიეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალები ერთი კვირის განმავლობაში ატარებენ წვრთნებს ვოლგოგრადის ოლქში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩეჩნეთსა და რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. საერთო ჯამში, წვრთნებში 6 000-მდე სამხედრო და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები და სარაკეტო სისტემები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მე-4 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია.

ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ხელმძღვანელობით გამართული წვრთნების გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button