Placeholder canvas
ახალი ამბები

სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო კომპანიას ზემო რაჭაში საქმიანობა შეუჩერეს

მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ 6 თებერვალს განაცხადა, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში მანგამუნის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანია „ტექნოლოჯი 2021-ს“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო საქმიანობა შეუჩერეს.

სააგენტომ განმარტა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შპს „ტექნოლოჯი 2021-ისა“ და შპს „მნ ნორთის“ მიერ შქმერში მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეისწავლა.

სააგენტომ არ დააკონკრეტა „ტექნოლოჯი 2021-ის“ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევები, რაც შეეხება „მნ ნორთის“, სააგენტოს თქმით, კომპანიას სალიცენზიო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია.

სააგენტომ განაცხადა, რომ გამოვლენილ დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაგზავნეს. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება.

სააგენტომ ხაზი გაუსვა, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზია აღარ გაიცემა.

განცხადება კვირას საღამოს მას შემდეგ გავრცელდა, რაც შქმერელი აქტივისტების ჯგუფმა, რომელიც სოფელში მანგანუმის მოპოვებას ეწინააღმდეგება, თბილისში პირველი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ორი კომპანიისთვის სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ორი ათწლიანი ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.

არასამთავრობოებმა წიაღის მოპოვების სააგენტო გააკრიტიკეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „მწვანე ალტერნატივამ“, რომლებიც შქმერელების ინტერესებს იცავენ, განაცხადეს, რომ სააგენტოს განცხადება შეცდომაში შემყვანია.

ორგანიზაციების თქმით, სააგენტომ მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ადგილობრივების მოთხოვნითა და მწვანე ალტერნატივას დახმარებით 2021 წლის 5 ნოემბერს შეისწავლა და დარღვევებიც მაშინვე გამოვლინდა.

„თუმცა, სააგენტოს განცხადებაში ამის შესახებ მითითება არ გვხვდება, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ სამუშაოები ახლა, პრემიერის დავალებით შემოწმდა“, – განაცხადეს ორგანიზაციებმა.

მათივე თქმით, ბუნდოვანია რა სამართლებრივი ბერკეტი ამყარებს სააგენტოს პოზიციას, რომ სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა.

არასამთავრობოების თქმით, იმისთვის, რომ მოპოვების განახლება გამოირიცხოს, აუცილებელია გაცემული ლიცენზიების გაუქმება.

ამ კონტექტსში განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 იანვარს ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „მწვანე ალტერნატივისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთობლივი საჩივარი, რომელიც შქმერში მოქმედი ლიცენზიების ბათილად ცნობას ითხოვდა.

საჩივარში ნათქვამი იყო, რომ ლიცენზიების გაცემისას სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ, ისევე როგორც ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას განსაზღვრავს.

„ტექნოლოჯი 2021-ის“სავარაუდო დარღვევები 

მართალია წიაღის ეროვნულმა სააგენტომ დეტალები არ გაამხილა, 30 დეკემბერს ადგილობრივი აქტივისტების მხარდამჭერმა Facebook-ის გვერდმა „შქმერი Shkmeri“ სააგენტოს განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც „ტექნოლოჯი 21-ის“ საქმიანობის შესწავლის შედეგებს აჯამებს.

დოკუმენტის თანახმად, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოკვლევის განხორციელების ნაცვლად, კომპანია ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას. არსებული ნებართვებით, კომპანიას სამი წელი აქვს ტერიტორიაზე მანგამუნის საბადოების გამოსაკვლევად და მოპოვების დაწყებამდე ლიცენზია უნდა განაახლოს.

ამასთან, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ აქვს წარდგენილი ე.წ. „ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება“.

ანგარიშის თანახმად, კომპანიას ასევე არ აქვს გავლილი სკოპინგის პროცედურა. გეგმა-გრაფიკის შესაბამისად არ აქვს მოწყობილი საბურღი მოედნები და არ აწარმოებს 2021 წლის პერიოდში განსახორციელებელ საძიებო-გეოლოგიურ ბურღვუთ სამუშაოებს.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლიცენზიით გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე კომპანია სალიცენზიო საქმიანობას ახორციელებს მიწის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე.

დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილ დარღვევაზე 2021 წლის 15 ნოემბერს „ტექნოლოჯი 2021-ის“ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, რომელიც განსახილველად ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაგზავნეს.

წინაისტორია 

კომპანიებმა – „ტექნოლოჯი 2021“ და „მნ ნორთი“ ლიცენზიები დაჩქარებული პროცედურების გავლით 2021 წლის ზაფხულში მოიპოვეს. ორივე კომპანია საჯარო რეესტრში ოფიციალური ნებართვის მიღებამდე ოთხი დღით ადრე დარეგისტრირდა.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას შქმერელების და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა, რომლებიც დაახლოებით, 150 ჰა მიწაზე მანგანუმის მოპოვების სამუშაოებს ეწინააღმდეგებიან.

მანამდე, 26 ოქტომბერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „მწვანე ალტერნატივამ“ განაცხადეს, რომ სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ „რეპრესიული ზომები“ გამოიყენეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button