skip to content
ინტერვიუ

კითხვა-პასუხი: „ლუგარის ლაბორატორია“ და რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებები

მას შემდეგ, რაც კრემლმა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნებული ბიოლოგიური კვლევითი ცენტრის მიმართ ახალი ბრალდებები გააჟღერა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ მყოფი რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ლაბორატორიის გარშემო საუბარი კვლავ გააქტიურდა.

10 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა: „რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის ფარული სამხედრო სამედიცინო-ბიოლოგიური აქტივობების გამო“, რომელიც ფაქტებს ეფუძნება და უდავოა.

Civil.ge-მ რუსეთის საგარო უწყების მიერ გამოთქმული ბრალდების შეფასება ანალიტიკოსებს სთხოვა.

ანა ჟვანია: ლუგარის ლაბორატორიის პირველი დირექტორი (2009-2013 წლებში), აცხადებს, რომ ამგვარი ბრალდებები ახალი არ არის. ის იხსენებს, რომ რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო საქართველოს საიდუმლო ექსპერიმენტების ჩატარებაში ჯერ კიდევ 2012 წელს ადანაშაულებდა, ხოლო რუსული მედია ლუგარის ლაბორატორიის სრულად ამოქმედებამდე შიშისმომგვრელ სტატიებს ავრცელებდა.

ჟვანიამ Civil.ge-ს განუცხადა , რომ კრემლის პროპაგანდის ზოგიერთი ნაწილი მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. „მაგალითად, მათი გრძელი ფსევდო-დოკუმენტური ფილმების უმეტესობა მხოლოდ რუსული ტელევიზიით გადაიცემა და არასდროს აღწევს სრულად საქართველოს და დანარჩენ მსოფლიოს“, – განაცხადა ჟვანიამ და აღნიშნა, რომ მოსკოვს ხალხის ემოციით და შიშით თამაში აქვს განზრახული.

მისი თქმით, ლაბორატორია მზადაა კარი გაუღოს მეცნიერებს და მედიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებებიდან, უმასპინძლოს ტრენინგებს და ჟურნალისტებს „იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე“ მსგავსი ტიპის დაწესებულებებში. თუმცა, მისი აზრით, „მეტი უნდა გაკეთდეს ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის და იმისათვის, რომ ლუგარის ლაბორატორია თანამშრომლობის რეალური ცენტრი გახდეს“, სადაც კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პროექტი განხორციელდება.

„ამჟამად, საქართველო რეაქტიულ რეჟიმში იმყოფება“, – აცხადებს ჟვანია. მისი სურვილია, რომ ცენტრი უფრო პროაქტიული გახდეს და „ცალსახად ამაყი და მადლიერი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების და საერთაშორისო დახმარებისთვის“, რომელიც ამ დაწესებულების ფუნქციონირებას ხმარდება. ჟვანია აღნიშნავს, რომ რუსეთს „ყოველთვის სიამოვნებდა ქართულ საზოგადოებაში შიშის და დესტაბილიზაციის დათესვა“, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის სამიზნე „საქართველოს ფარგლებს მიღმაა“.

ზოგიერთი ქართული ანალიტიკური ინსტიტუტის და მიმომხილველის მსგავსად, ჟვანიასაც მიაჩნია, რომ ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდისტული შეტევა იმ ძალისხმევის ნაწილია, რომ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის საქმეზე რუსული კვალის არსებობიდან შიდა და საერთაშორისო ყურადღების გადატანა მოხდეს.

თინა ხიდაშელი: საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიის თემის გააქტიურებით, რუსეთის სამიზნე ერთდროულად საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატებია. ხიდაშელის რწმენით, „ბიოლოგიურ-ქიმიურ და ვირუსულ კატასტროფაში“, ორი ქვეყნის დადანაშაულებით, რუსეთი ცდილობს აშშ წარმოაჩინოს მხარედ, რომელიც სატელიტი ქვეყნის საშუალებით, არაფერზე იხევს უკან და „ადამიანებს საცდელ მასალად იყენებს“ და ხაზს უსვამს, რომ ეს პარტნიორობა სინამდვილეში „ბატონ-ყმობაა“, სადაც ბატონი (აშშ) თავისი ინტერესების გასატარებლად, „ყმის“ (საქართველოს) სრულ, მათ შორის სასიკვდილო ექსპლუატაციას ეწევა.

ხიდაშელმა civil.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულს საკითხზე მოსახლეობასთან უფრო აქტიურად უნდა საუბრობდეს, რაც „სასარგებლოა ქვეყნისთვის, სასიკეთოა განვითარებისთვის“. ის განმარტავს, რომ სწორედ ამგვარი კომუნიკაციის არარსებობის გამო „საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სწორედ ახლა“, რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ გაიგო.

ხიდაშელის შეფასებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან ერთად, ეს სწორედ ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც „წარმატებისთვის“ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და „თუკი მოსახლეობის სრულფასოვანი და უფრო ფუნდამენტური შემობრუნება გვინდა დასავლეთისკენ, სწორედ ამგვარი სიკეთეების შესახებ უნდა ველაპარაკოთ“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, „იქ, სადაც არ არსებობს საკმარისი და დამაჯერებელი ინფორმაცია, დეზინფორმაცია უფრო ადვილად იკიდებს ფეხს“. მისივე თქმით, ასეთ სიცარიელეებს „დასავლეთის როლის, წვლილისა და მიღწევების მინიმალისტური წარმოჩენით“, თავად ხელისუფლება ქმნის.

თამარ კინწურაშვილი:მედიის განვითარების ფონდის“აღმასრულებელი დირექტორი მოსახლეობასთან მთავრობის კომუნიკაციის ნაკლებობას ეთანხმება და ამბობს, რომ ამ კუთხით თითქმის არაფერი გაკეთებულა. მისივე შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად „ინერტულობას“ იჩენენ.

„რუსეთის არგაღიზიანების საბაბით, ხშირად, ხელისუფლება მათთვის მტკივნეულ თემებზე, თავს არიდებს პოზიციის დაფიქსირებას და ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა და ამიტომაც გააჩინა საზოგადოებაში ეჭვები და მეორეს მხრივ რუსეთს მისცა საბაბი რომ ამ თემებზე აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს და განცხადებები აკეთოს“, – განაცხადა civil.geს-სთან საუბარში თამარ კინწურაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ კრემლის მიზანი საქართველოს მოსახლეობაში შიშის გაღვივებაა, რომ ის თავადვე ქმნის საფრთხეებს და „ამ საფრთხეებთან ბრძოლის ერთადერთ ძალად საკუთარ თავს გვთავაზობს“. მისივე რწმენით, კრემლი ლუგარის თემის გააქტიურებით, სკრიპალების მოწამვლის საქმიდან ყურადღების გადატანას და იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ „თვითონ კი არ წამლავს ხალხს არამედ ამერიკა და დასავლეთი არიან დაკავებულები ამ საქმით“.

შოტა უტიაშვილი: – რონდელის ფონდის“ უფროსი „მეცნიერ-თანამშრომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის თემით სკრიპალების საკითხიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

უტიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის იყო გახსნილი ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებით და თავად რუსეთმაც კარგად იცის იქ რა ხდება.

უტიაშვილი ლაბორატორიაში 14-15 ნოემბერს საერთაშორისო ბიო-ექსპერტების ვიზიტს მიესალმება და აღნიშნა, რომ „არ მგონია, რომ რამე მეტი უნდა გააკეთოს საქართველომ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არანაირ ბიოლოგიურ და ქიმიურ პროგრამას ამ ლაბორატორიაში არ აწარმოებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button