Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნების დეპუტატი დეპორტირებულ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუპირისპირდა 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯმდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის ოპოზიციის ლიდერს და ყოფილ დეპუტატს, დმიტრი გუდკოვს დაუპირისპირდა, რომელიც 31 იანვარს ქვეყანაში არ შემოუშვეს.

გუდკოვის დეპორტაციის თაობაზე ქართული ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკა მიუღებელია და რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

ქართული ოცნების დეპუტატმა აღნიშნა, რომ გუდკოვი ალექსეი ნავალნის პოლიტიკური მოკავშირეა, რომელმაც – 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს – ქართველები მღრღნელებს შეადარა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებისკენ მოუწოდა.

სამხარაძემ გუდკოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრობის გამოც გააკრიტიკა, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

ქართული ოცნების დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმეა მიიღოს პირის საქართველოში შემოშვების ან არშემოშვების გადაწყვეტილება.

სამხარაძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების ინტერესების განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, ასევე ის, თუ ვინ რა თქვა საქართველოს, მათ შორის, მისი ოკუპირებული რეგიონების შესახებ.

გუდკოვის პასუხი

გუდკოვმა სამხარაძეს იმავე დღეს Facebook-ის საშუალებით უპასუხა და ქართულ ოცნებას მოუწოდა „ტყუილის თქმა ისწავლოს ისე, რომ ის სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს“.

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ იგი სახელმწიფო დუმის წევრი 2011 წელს გახდა, ხოლო რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა.

გუდკოვის თქმით, იგი აფხაზეთსა და ცხინვალში მას შემდეგ არ ჩასულა, რაც საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი შემოიღო, რადგანაც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის მიზეზი მისი აფხაზეთში ვიზიტი რომ ყოფილიყო, საქართველოს ხელისუფლება ამაზე პირდაპირ მიუთითებდა, თუმცა სხვა მიზეზები დაასახელეს.

გუდკოვმა ნავალნის მიერ 2008 წელს გაკეთებულ სადავო განცხადებაზე პასუხისმგებლობა აიცილა და განაცხადა, რომ მისი სახელი დმიტრი გუდკოვია და არა ალექსეი ნავალნი.

რუსმა პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ 2019 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი შემოუშვა, რომლის პარტიამაც 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი. გავრილოვის მიერ საპარლამენტაშორისი ასამბლეის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას 2019 წლის ივნისში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

გუდკოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოსწონდეს.

„სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არ არის; რიგი რიტუალური ჟესტების გამოყენებაა საჭირო მომავალი არჩევნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად“, – განაცხადა მან, რომელსაც მხედველობაში, სავარაუდოდ, მოახლოებული შუალედური არჩევნები ჰქონდა.

31 იანვრის დეპორტაციის შემდეგ, გუდკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ მიიღო, ვინაიდან საქართველოს სასაზღრო სამსახურმა, რომელიც მის შესახებ ინფორმირებული იყო, გადაწყვეტილების მიღება ზემდგომ ორგანოებს დააბრალა.

აგვისტოში ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანაში ლიუბოვ სობოლი არ შემოუშვა. ეს უკანასკნელი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირეა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button