skip to content
ახალი ამბები

უკრაინელი ჟურნალისტები და ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს

ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტებმა – დმიტრი გორდონმა და ალესია ბაცმანმა, ასევე ადვოკატმა ევგენ გრუშოვეცმა განაცხადეს, რომ ისინი საქართველოში არ შემოუშვეს და თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.

ონლაინგამოცემის Gordon.ua დამფუძნებელმა დღეს Telegram-ზე დაწერა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლისთვის ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ უთხრეს, რომ საქართველოში შესვლის უფლება არ ჰქონდა.

გორდონმა უარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან მის დაგეგმილ შეხვედრას დაუკავშირა და განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტის ორგანიზების თხოვნით საქართველოს საგარეო უწყებას წინასწარ მიმართა.

„რაც მოხდა არის საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი“, – განაცხადა გორდონმა.

Gordon.ua-ს მთავარმა რედაქტორმა, ალესია ბაცმანმა, რომელიც გორდონს ვიზიტისას ახლდა, საქართველოს ხელისუფლების უარს „სამარცხვინო და ლაჩრული გადაწყვეტილება“ უწოდა, რაც, მისი თქმით, მათ მიერ სააკაშვილის დაცვითა და მხარდაჭერითაა გამოწვეული.

მისი თქმით, ჟურნალისტებს სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა სურდათ.

„რისი გეშინიათ, რას მალავთ?“ – მიმართა ბაცმანმა საქართველოს ხელისუფლებას Facebook-ის პოსტით.

უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა, რომელიც თბილისში სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოდიოდა, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას პასპორტი ჩამოართვეს და უკრაინაში დოკუმენტების გარეშე დააბრუნეს.

საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ კომენტარი არ გააკეთა.

თბილისში ვიზიტის დროს, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ 27 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში შემოსვლისას, 40 წუთით შეაყოვნეს და ვიზიტის მიზნის შესახებ გამოჰკითხეს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ხელისუფლებას განმარტებას სთხოვს

კოალიციამ მედია ადვოკატირებისთვის მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განმარტოს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების შემოშვებაზე უარის მიზეზი. კოალიციამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას „პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button